„ახალ თაობას უტყეო ქვეყანაში მოუწევს ცხოვრება“

„ახალ თაობას უტყეო ქვეყანაში მოუწევს ცხოვრება“

საქართველოში ხანძრების შედეგად 430 ჰექტრამდე ტყის მასივი განადგურდა. სატყეო სექტორში შექმნილ საერთო მდგომარეობას კი ექსპერტები „საგანგაშოს“ უწოდებენ. სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, აჭარის, კახეთის მრავალ ადგილას ტყე გადაშენების პირასაა მისული და მისმა დეგრადაციამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო.

სპეციალისტთა შეფასებით, ყოველივე ამას საფუძვლად უდევს ტყეების არასწორი მართვა, გადაჭარბებული, ხშირ შემთხვევაში, უკანონო ექსპლუატაცია, არაპროფესიონალური კადრების სიჭარბე და კორუფციის მაღალი დონე. სატყეო სექტორის განვითარებისთვის ქვეყანაში გრანტებისა და კრედიტის სახით იხარჯება მილიონობით დოლარი, მაგრამ ამ დადებითი შედეგი არ ჩანს.

როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო სააგენტოში აცხადებენ, ტურისტული სეზონის აქტივობის პერიოდში, საქართველოში ჯამში 430 ჰექტრმდე ტყის მასივი განადგურდა. კერძოდ, ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბანზე – 20 ჰა, აწყურის სატყეო უბანზე – 300 ჰა, დაბა სურამში – 10 ჰა, რაჭისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში – 20-20 ჰა, ხოლო ყვარლის სატყეო უბანზე – 50 ჰა ტყის მასივი.

სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ხანძრის ძირითადი კერები მთელი საქართველოს მასშტაბით ლიკვიდირებულია. შემთხვევის ადგილებზე სატყეო სააგენტოსა და გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის წარმომადგენლები მუშაობდნენ. გამოიყენეს საჰაერო ტექნიკა. ხანძრებს ადგილობრივი მოსახლეობა და 500-მდე ჯარისკაციც ებრძოდა.

სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა ხაჩიძე მოსახლეობას მეტი გულისხმიერებისკენ მოუწოდებს. ტყის მასივში ხანძრის დაუდევრობით გაჩენის შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

საქართველოს სატყეო სექტორში შექმნილ საერთო მდგომარეობას რაც შეეხება, ექსპერტები მას „საგანგაშოს“ უწოდებენ. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილზე ბუნებრივი ტყეების მდგომარეობა სავალალო გახდა. სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, აჭარის, კახეთის მრავალ ადგილას ტყე გადაშენების პირასაა მისული და მისმა დეგრადაციამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო.

„თუ ეს ვითარება სასწრაფოდ და კარდინალურად არ შეიცვალა, ახალ თაობას უტყეო ქვეყანაში მოუწევს ცხოვრება. გარწმუნებთ, ეს არ გახლავთ გამუქებულ ფერებში დახატული მომავალი: ადამიანის დაუფიქრებელი მოქმედების გამო, ტყე არაერთ ქვეყანაში სრულიად ან თითქმის სრულიად განადგურდა. ამ მხრივ, საქართველოც არ წარმოადგენს გამონაკლისს - ისტორიულ წარსულში მთლიანად განადგურდა ტყეები ჯავახეთის ზეგანზე“, – ამბობენ სპეციალისტები.

ექსპერტები მიესალმებიან საქართველოს მთავრობის განზრახვას, აღკვეთოს ტყის უკანონო ჭრა. ამავე დროს აღნიშნავენ, რომ ტყის უკანონო ჭრა მხოლოდ აისბერგის მწვერვალია, პრობლემა კი გაცილებით ღრმაა. ტყის ეკოსისტემების დეგრადაციის უმთავრესი გამომწვევია რეალური ეკოლოგიური მდგომარეობის გაუთვალისწინებლობა ქვეყნის ეკონომიკურ, ფისკალურ, საერთაშორისო პოლიტიკაში, სამინისტროებისა და უწყებების ქმედებებში.

„ის რეფორმებიც, რომელთა განხორციელებასაც გვთავაზობს აღმასრულებელი ხელისუფლება ტყის სექტორში, არ ითვალისწინებს საქართველოს ტყიან ეკოსისტემებში საგანგაშო სიტუაციის არსებობას და ამიტომ შესაძლოა არათუ გააუმჯობესოს, არამედ პირიქით, კიდევ უფრო დაამძიმოს არსებული ვითარება.

რეფორმით გათვალისწინებული ტყით გრძელვადიანი სარგებლობის დამკვიდრება, ასევე ტყეზე საკუთრების ფორმის შეცვლა (იჯარა და პრივატიზაცია) თავისთავად მისაღებია და საერთაშორისო პრაქტიკას ეთანხმება, მაგრამ საქართველოს ტყის სექტორში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ამას შეიძლება უახლოეს ხანში ტყის შეუქცევადი დეგრადაცია მოჰყვეს.

საქმე ისაა, რომ საქართველოს ტყეებში, რომლებიც უმეტესწილად ფოთლოვანი მთის ტყითაა წარმოდგენილი, სრულიად მიუღებელია მაღალი ინტენსივობის ჭრები; ხოლო მდგრადი მეტყევეობა გულისხმობს შერჩევითი ჭრების გამოყენებით კონკრეტულ ტყის კორომში ყოველი ასი ხიდან წელიწადში არაუმეტეს ერთის მოჭრას. როდესაც ხეების ერთ პროცენტზე მეტი მოჭრილია, ჭრა უნდა შეწყდეს ხანგრძლივი პერიოდით ტყის სრულ აღდგენამდე.

დღეს საქართველოს ტყეების უმრავლესობა ისეთ მდგომარეობაშია, რომ უახლოეს წლებში იქ მერქნის მოპოვება უბრალოდ დაუშვებელია. ამდენად, ხე-ტყის ვაჭრობისაგან რეალური შემოსავალი უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში არ არის მოსალოდნელი; შესაბამისად, მოცემულ პერიოდში ამ გზით შემოსული დიდი შემოსავლების გათვალისწინება ქვეყნის ბიუჯეტში - მცდარი პროგნოზია. ეს გამოიწვევს ტყის ეკოსისტემების შეუქცევად დეგრადაციას, რამაც აუნაზღაურებელი ზიანი შეიძლება მოუტანოს ჩვენს ქვეყანას.

ამასთანავე, ჯერ კიდევ არ არის დახვეწილი კანონის აღსრულების მექანიზმი, არ არსებობს ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისა და საპარტიარქოსათვის ტყეების გადაცემის მექანიზმები, რომ აღარაფერი ვთქვათ გადაცემულ ტყეებში (მათ შორის, ლიცენზიით უკვე გაცემული უბნების) კონტროლის სისტემის არსებობაზე. სახელმწიფოს არ გააჩნია ტყეების მდგრადი მართვის ნათლად განსაზღვრული პოლიტიკა და სტრატეგია, არ აქვს ტყის ფონდის ინვენტარიზაციის მასალები და ამ ფონზე ნაჩქარევად მიგვაჩნია ტყის უზარმაზარი მასივების გაყიდვა მერქნის მოპოვების მიზნით“, – აცხადებენ სპეციალისტები.

1937 წლის რეპრესიებს შეეწირა დიდი ქართველი მეტყევე-მეცნიერი სოლომონ ქურდიანი, რომელმაც გაბედა და საწინააღმდეგო აზრი გამოთქვა ზუგდიდის ცელულოზა-ქაღალდის კომბინატის მშენებლობასთან დაკავშირებით. ის ამტკიცებდა, რომ სამეგრელოსა და სვანეთის ტყეების სანედლეულო ბაზა ამ გიგანტის ასამუშავებლად საკმარისი არ იყო. მეცნიერი დახვრიტეს, საწარმო აშენდა, მაგრამ რამდენიმე წელიწადში ის უკვე რუსეთიდან შემოტანილ ნედლეულზე ამუშავდა. საბჭოთა ჩინოვნიკებიც კი მიხვდნენ, რომ საქართველოს მთის ტყეები ვერ აიტანდნენ ასეთ ზეწოლას.

„სამწუხაროდ, დღეს ძველი შეცდომები მეორდება. არ არის ჩატარებული საქართველოს ტყეების ინვენტარიზაცია და ფუნქციური კატეგორიზაცია, არ არის დათვლილი მერქნული რესურსი, არ არის გაანგარიშებული სავარაუდო ეკოლოგიური დატვირთვა გარემოზე.

მიუხედავად ამისა, წალენჯიხაში ჩინურმა კომპანიამ უკვე ააშენა ხე-ტყის გადამამუშავებელი გიგანტური კომბინატი, რომელმაც წელიწადში 50 ათასი კუბური მეტრი ხე-ტყე უნდა გადაამუშაოს. წალენჯიხის კომბინატს უახლოეს მომავალში სხვები მოჰყვება. აიტანს კი ჩვენი მთის ტყეები ასეთ დატვირთვას? რამდენად შეესაბამება ეს დატვირთვა მდგრადი განვითარების პრინციპებს? როგორ განვითარდება მოვლენები, თუ აღმოჩნდება, რომ ტყე ვერ უძლებს ასეთ დატვირთვას: ინვესტორი ზარალს შეურიგდება, რუსეთიდან შემოიტანს ნედლეულს თუ გააგრძელებს მუშაობას თავის სასარგებლოდ და გარემოს საზიანოდ? ვინ იქნება პასუხისმგებელი მოსალოდნელ ეკოლოგიურ კატასტროფაზე: ინვესტორი თუ ჩინოვნიკი, რომელმაც არ მისცა ამ ინვესტორს სრული ინფორმაცია გასაყიდ რესურსზე?

ასე მოუმზადებლად ბუნებრივი რესურსების მოპოვების ლიცენზიების გაცემა დააფრთხობს წინდახედულ და კეთილსინდისიერ ინვესტორებს და ვერ შექმნის ხელსაყრელ გარემოს ეკონომიკის განვითარებისათვის. საქართველოს ტყეები და საერთოდ, ბუნებრივი რესურსები, საეჭვო წარმოშობის კაპიტალის დაბანდების ადგილი გახდება. ნუთუ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა დაემსგავსოს ინდონეზიას, სადაც ყოველწლიურად საშუალო ევროპული ქვეყნის ზომის ტერიტორია იკაფება, ხოლო ხელისუფლება ამას ამართლებს ეკონომიკის განვითარების სურვილითა და საერთაშორისო ვალის გასტუმრების საჭიროებით, სინამდვილეში კი საქმე გვაქვს კორუფციასთან ხელისუფლების ზედა ეშელონებში!

სატყეო სექტორში რეფორმების განხორციელების აუცილებლობა უდავოა, მაგრამ შემაშფოთებელი და კატეგორიულად მიუღებელია მთავრობის მიერ შერჩეული რეფორმის მიმართულება, სადაც ძირითადი აქცენტი სწრაფ ფისკალურ ეფექტზეა გადატანილი, ხოლო ტყეების ეკოლოგიური, დაცვითი და რეკრეაციული ფუნქციები მთლიანად უგულებელყოფილია. ეს საფუძველშივე ეწინააღმდეგება მდგრადი განვითარების საერთაშორისო ვალდებულებებსა და უპირველესად ბიომრავალფეროვნების კონვენციასა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკას“, – ხაზს უსვამენ სპეციალისტები.

სავსებით შესაძლებელია, რომ უახლოესი წლების განმავლობაში აქცენტი არა მერქნის დამზადებაზე, არამედ დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბებაზე, ტურიზმის განვითარებაზე, სანადირო და პლანტაციური მეურნეობების შექმნაზე გაკეთდეს, ხოლო მერქნის წარმოებისგან მიღებული შემოსავალი მხოლოდ შორეულ მომავალზე გაითვალოს. ტყეების აქტიურმა სამეურნეო გამოყენებამ დღეს შესაძლოა მოიტანოს მოკლევადიანი ფისკალური ეფექტი, მაგრამ მომავალ წლებში გახშირებული ეკოლოგიური კატასტროფები მძიმე ტვირთად დააწვება ქვეყნის მოსახლეობასა და ეკონომიკას.

ცნობისთვის, ტყე გეოგრაფიული ლანდშაფტის ნაწილია, იმ ხეების, ბუჩქებისა და ბალახების, აგრეთვე - ცხოველებისა და მიკროორგანიზმების ერთობლიობა, რომლებიც თავიანთი განვითარების პროცესში ურთიერთდაკავშირებულნი არიან ბიოლოგიურად და ახდენენ ზეგავლენას როგორც ერთმანეთზე, ასევე გარემოზეც.

ტყე დედამიწის ეკოლოგიურ სისტემათა მთლიანი კომპლექსისთვის გლობალური და სასიცოცხლო ფაქტორია. ის დედამიწაზე ცოცხალი ნივთიერების ერთ-ერთი აკუმულატორია, რომელიც აკავებს ბიოსფეროში მთელ რიგ ქიმიურ ელემენტებსა და წყალს, აქტიურად ურთიერთქმედებს ტროპოსფეროსთან და განსაზღვრავს ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ბალანსის დონეს.

ბიოსფეროში ჟანგბადის 60%-ზე მეტს გამოყოფს ხმელეთის მცენარეულობა და მისი მთავარი კომპონენტი - ტყე. 1ჰა შერეული ტყე წელიწადში 13-17 ტ ნახშირორჟანგს შთანთქავს და 10-15 ტ ჟანგბადს გამოყოფს. ის მრავალრიცხოვანი რესურსის (მერქნის, ქერქის, ტოტების, ფოთლის, ნაყოფის, თესლის, სოკოს...) უმდიდრესი წყაროა.