კასპში ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

კასპში ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ კასპში, მდინარე ლეხურაზე მდებარე ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხიდზე, რომელიც პაატას და აღმაშენებლის ქუჩებს ერთმანეთთან აკავშირებს, ასფალტის საფარი მთლიანად იყო დაზიანებული, რაც ტრანსპორტით და ფეხით მოსიარულეთათვის პრობლემებს ქმნიდა. დროთა განმავლობაში შესაკეთებელი გახდა ხიდის მოაჯირი და ღამის განათების ფარებიც.

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 55 499 ლარი გამოყო. პროექტი ითვალისწინებს არსებული ასფალტის აფრეზვას, ძველი სანათების ახალით შეცვლას, განათების დგარების შეღებვას, ხიდის მოაჯირის დაზიანებული ღერების ამოცვლას, ბორდიურების შეღებვას, ხიდის სავალი ნაწილის დახაზვას და ასფალტირებას. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქის იერსახეს კიდევ ერთი ხიდი გაალამაზებს.

კასპში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებიდან, აღნიშნული ხიდის რეაბილიტაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, ვინაიდან არსებული ხიდით ქალაქის მაცხოვრებელთა თითქმის ნახევარი სარგებლობს.