ისტორიულ ჰერეთში გათხრებისას მოპოვებულ მასალებს შავი არქეოლოგები ეპატრონებიან

ისტორიულ ჰერეთში გათხრებისას მოპოვებულ მასალებს შავი არქეოლოგები ეპატრონებიან

აზერბაიჯანში, ისტორიული ჰერეთის ტერიტორიაზე ძველი სამარხები და ნამოსახლარები გამალებით ითხრება. თუმცა გათხრებს აქ არა არქეოლოგები, არამედ განძის მაძიებლები აწარმოებენ. მოპოვებული მასალიდან ოქროს ნივთები ბაქოში მიდის გადასადნობად. ხოლო ოქროს, ბრინჯაოს და სხვა მასალა რომელსაც ისტირიული ღირებულება გააჩნია, სხვადასხვა ქვეყნებში გადის გასაყიდად.

ბრიჯანოსგან დამზადებული მამაკაცის თავის ქანდაკება, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, მათი ნადავლის ნაწილია. მეკობრულად მოპოვებულ კიდევ რამდენიმე ნივთთან ერთად გასაყიდად ის, საქართველოში ჩამოიტანეს. პირი, რომელმაც ნივთები აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოიტანა, ამბობს რომ ისინი ზაქათალას რაიონშია ნაპოვნი, თუმცა ზუსტ ადგილს არ აკონკრეტებს.

საქართველოში გასაყიდად ჩამოტანილ ნივთთაგან ერთ-ერთისთვის სურათის გადაღება მოხერხდა.

„ბევრგან პირადად ვარ ნამყოფი და შავი არქეოლოგების კვალი ყველგან ეტყობა. კახის რაიონში ისიც მითხრეს, თითქოს ერთ-ერთ ქართულ სასოფლარში ოქროს ნივტები უპოვიათ და ბაქოში წაუღიათ. დაახლოებით ორი წლის წინ კი, კახის რაიონული ცენტრის გასწვრივ მდებარე მთის, ულუბაშის ფერდზე მოვარდნილი ნიაღვრის შემდეგ ძველი სამარხები გამოჩნდა~, - ამბობს წყარო.

როგორც ირკვევა, ისტორიული ჰერეთის ტერიტორიაზე განძის მაძიებლები წლებია მუშაობენ. მათი აქტიურების მიზეზი, როგორც წყარო ამბობს, მოსახლეობაში გავრცელებული ლეგენდაა, თითქოს როდესაც ქრისტიანი ქართველები ეკლესიებს აშენებდნენ, საძირკველში აუცილებლად ჩაატანდნენ ოქროს.

წყაროს ცნობით, ლეგენდას აყოლილი ადგილობრივი ავანტიურისტები თხრიან ტერიტორიებს, სადაც ეკლესიების ნაშთებია შემორჩენილი.