მათხოვრობა მეორე პროფესიად იქცა

მათხოვრობა მეორე პროფესიად იქცა

ხელისუფლების წარმომადგენლებს უყვართ სხვადასხვა სფეროებში „განვითარების ბუმზე“ საუბარი. სხვაზე რა მოგახსენოთ და თბილისში მათხოვრობის ბუმზე საუბარი ნამდვილად შესაძლებელია. საითაც არ უნდა გაიაროთ ქალაქში (ქუჩაში, ავტობუსში, მეტროში) ფართოდ ხელგაწვდილი ადამიანი აგედევნებათ და შესაძლოა ჯიბეში სასწაულებრივად ჩარჩენილი ბოლო ათთეთრიანის გაგდებინებას შეეცდება.

თუმცა აუცილებელია მოწყალების მთხოვნელთა მზარდი წრის გარკვეული დიფერენციაციაც. შეუძლებელია დილის 7 საათზე მეტროს ვაგონში შემოსულმა მათხოვარმა ბავშვმა, ან მოხუცმა არ შეგძრას. ბოლო ხანს ხშირია შემთხვევა, როდესაც მატარებლის ერთ ვაგონში ერთდროულად ორი მთხოვნელი შემოდის, რაც ამ სფეროში „განვითარების ბუმის“ უტყუარი მაჩვენებელია.

ცალკე თემაა თბილისური მთხოვნელების მეთოდები. პატარა ბავშვები ხშირად მღერიან. უფრო სწორად, განწირული ხმით ცდილობენ იმღერონ.

განსხვავებულად თხოულობენ ზრდასრული ადამიანები. როგორც წესი ისინი ხმას არ იღებენ. მათი მთავარი კოზირი მაინც ფორესტ გამპისეული გაშტერებაა და როგორც ჩანს იგი ამართლებს.

ხოლო მოხუცებს აღარც სიმღერა შუძლიათ და არც მიზანმიმართული გაშტერება. ისინი მატარებლის დაძვრამდე ასწრებენ რამდენიმესტრიქონიანი აუცილებელი წინადადების წარმოთქმას და უხმოდ გამოწვდილი ხელით გადიან გრძელ სალონს.

მზისქვეშეთის მათხოვრები გაცილებით უფრო მიმწოლნი და მომთხოვნი არიან, ვიდრე მათი მიწისქვეშელი კოლეგები. ყვითელ ავტობუსში მორიგი მოწყალების მთხოვნელი ამოვიდა სულისშემძვრელი განცხადებით. ჩანს წინა ცხოვრებაშიც ხშირად უწევდა უსტარების დაწერა და პროფესიონალიზმი სახეზეა:

„დამეხმარეთ, საყვარელო ხალხო! ერთადერთი შვილი მიკვდება საავადმყოფოში, თუ ექიმებს ფულს არ მივუტან. გადამირჩინეთ შვილი, გეხვეწებით დაჩოქილი თქვენს წინაშე!“ - ამას ამბობს, სიტყვას საქმესაც აყოლებს და ერთი ფეხით მართლაც იჩოქებს! მიზანი მიღწეულია, ერთიანად დაზაფრული და შეწუხებული მგზავრები ჯიბეების მოფხეკას იწყებენ.

მაგრამ ამ დღეებში მგზავრების ნაცვლად „ბოგდანის“ მძღოლს ნერვებმა უმტყუნა. „ავადმყოფი შვილის და ფულზე დახარბებული ექიმების“ მარადიულ ამბავს ვეღარ გაუძლო და მანქანა მოულოდნელად შუა გაჩერებაზე დაამუხრუჭა:

„ნამუსი არ გაქვს ქალო, ვინ ხარ შენ ბოლო–ბოლო. მარტო ჩემს ავტობუსში უკვე მეცხრეჯერ ამოხვედი და ყველაფერს ვფიცავარ აღარ შემიძლია შენი ტყუილების მოსმენა. წინა დღეებში სულ სხვა მიზეზებს ამბობდი და დღეს სხვას. დამასვენე, ღამის პირველ საათამდე სამუშაო მაქვს, ბოლოს და ბოლოს შენ ხომ არ გადაგყვები, სახლში ცოლი–შვილი მელოდება, წილში შენ ხომ არ გამიყვან!“ – გადარეულმა მძღოლმა მანქანა მანამ არ დაძრა, სანამ სალონი იძულებით არ დაატოვებინა.

აფთიაქში მედიკამენტები შევიძინე და გამოვდივარ. ვფიქრობ წამლებზე და მკურნალობის შედეგებზე. თან მეორე აფთიაქში მიმეჩქარება, დანარჩენი მედიკამენტების საყიდლად. კარებში ენერგიული მათხოვარი მხვდება ტექსტგამოწვდილი. მეჩქარება, გვერდს ვუვლი. არ მშორდება და ტექსტს ყველას წინაშე თვალწინ გამომწვევად მიფრიალებს. უკანასკნელი მათხოვარივით ვგრძნობ თავს, ის კი კმაყოფილია. მართალია ფული ვერ დამცინცლა, მაგრამ პატიოსანი ხალხის წინაშე ხომ მაგრად შემარცხვინა.

მეცხრე საავადმყოფოს ეზოში ყველა ჯურის მათხოვრების გვირგვინოსან ბელადებს – ბოშებს, იგივე „ციგნებს“ ვაწყდები. წინ ზრდასრული ბოშა მოუძღვით. წინ მიშლის მათხოვრობაში გავარჯიშებულ ხელს და თვალებში საწყლად შემომცქერის. როგორც ყოველთვის მეჩქარება და გვერდს ვუვლი. მოულოდნელად უკან დადევნებული – „შე მათხოვაროო!“ უსიამოდ ჩამესმის.

თითქმის ყოველდღე ვაკეში, ტაბიძის ძეგლის მოპირდაპირე მხარეს გვირაბის ბოლოს მოწყალების მთხოვნელი მთელი ოჯახი მხვდება. ცოლ–ქმარი მთელი დღე მათხოვრობს, ხოლო ულამაზესი პატრა ბავშვები (გოგონები) ხან ბეტონის ცივ ბორდიურებზე შესკუპდებიან, ხან – კიბეებზე. ეს ბავშვები გაცინებული, ან თუნდაც გაღიმებული ჯერ არ მინახავს. საჭმელსაც აქვე მათხოვრობით ნაშოვნი ფულით მიირთმევენ. ჩანს ოჯახის უფროსს (ერთიანად გაძვალტყავებულ კაცს) აქ ნაშოვნი ფული არ ჰყოფნის და საღამოჟამს ის ჭავჭავაძის გამზირის სანაგვე ურნებს ბოთლებისთვის შემოივლის ხოლმე.

პატარა ბავშვები კი მთელი დღე იქ არიან. გარშემო სივრცე სულ უფრო კლებულობს. გვირაბი სანახევროდ გადაღობილია. ზემოთ, ორივე მხარეს დაუსრულებელი ახალი მშენებლობები მიმდინარეობს. ერთადერთი, ამ ქვეყანაში ამ დიდებისთვის და პატარებისთვის სამათხოვრო სივრცე არ მცირდება, პირიქით იმატებს.

ნუკრი დევნოზაშვილი, თბილისელი: „ყოველ დღე მეტროთი მიწევს სიარული და ძალიან მტკივა გული ამდენ გაჭირვებულს რომ ვხედავ. განსაკუთრებით მოხუცები მეცოდებიან. როგორ შეიძლება მივაღწიოთ თუნდაც 10 წელიწადში რომ არცერთი მათხოვარი აღარ იყოს ჩვენს ქვეყანაში?

ვფიქრობ უნდა დაიწყოს ახალგაზრდების და ბავშვების რაღაც მიმართულებით დასაქმება, ან ცოდნის მიცემა: მშენებლობებზე, გინდ სოფლებში მიწის დასამუშავებლად, მოსავლის ასაღებად. ისე მაინც იქნება, რომ მომავალი თაობაში აღარ გვეყოლება ამდენი გაჭირვებული“.

გიორგი თვაური: „ეს ჩემთვისაც ძალიან მტკივნეული საკითხია. ყველაზე მეტად მეც მოხუცები მეცოდებიან. მე მაგალითად მისაუბრია ასეთ ბებოებთან და ბაბუებთან და წარმოიდგინეთ, რომ ხშირ შემთხვევაში ეს მოხუცი ადამიანები, რომელსაც შეიძლება რამოდენიმე წელი დარჩენიათ ამ ქვეყანაზე, მარტო საკუთარ თავს კი არა ოჯახსაც კი არჩენენ ამ გზით. მათთვის ეს რაღაც ცხოვრების წესად იქცა. ნორმაა. არადა, ეს ხომ საშინელებაა.

ბავშვებს რაც შეეხება, არსებობენ დაწესებულებები, რომლებიც ასეთ ბავშვებს თავისთან ღამის გათენების საშუალებას და საკვებს აძლევენ. თუმცა, დღის განმავლოაში ეს ბავშვები კვლავ მოწყალებას ითხოვენ. კიდევ ვიცი, სპეციალური ცენტრები სადაც ბავშვებს ასწავლიან მინანქარს და სხვა ხელობებს. თუმცა ასეთი ცენტრები ძალიან მცირე რაოდენობითაა. კარგი იქნებოდა, რომ არსებობდეს ისეთი ბავშვთა სახლები, რომლებიც ზოგადის გარდა რამე სპეციფიურ ხელობასაც ასწავლიდნენ და ხელს უწყობდნენ მათ დასაქმებას“.

ნატალი ოქროპირიძე: „ყველაზე ცუდი მართლაც ისაა, რომ ცხოვრების წესად აქვთ გადაქცეული. ბათუმში ვიცი შემთხვევა, გაზეთ “ბათუმელების” მთავარმა რედაქტორმა მოძებნა ეგეთი ბავშვები და დაასაქმა ამ გაზეთების დარიგებით, ანაზღაურებაც იმდენი მისცა, რომ უნდა ყოფნოდათ თავისუფლად; მაგრამ მაინც მათხოვრობდნენ“.

ნუგზარ მეტრეველი: „ერთი იდეა დამებადა თავში. მოგეხსენებათ, ქალაქში არის უამრავი მათხოვარი ადამიანი: ქალი, კაცი, მოხუცი, ავადმყოფები, ბავშვები და ასე შემდეგ. აქედან ზოგს არც ისე უჭირს, რომ სამათხოვროდ ჰქონდეთ საქმე. პირიქით. (მე მათხოვარი ისეთ ზმანზე გავჩითე, შემშურდა. ღმერთო, მაპატიე. ) ეს ადამიანები დგანან ეკლესიებთან და პროფესიად აქვთ უკვე ქცეული მათხოვრობა. ადრე იძახოდნენ „დამეხმარეთ“, ახლა ერთად რომ ზიან, იძახიან „დაგვეხმარეთ“.

როგორ გინდა გამოარჩიო, სინდისი შეგაწუხებს და იძულებული ხარ მეორესაც მისცე. თან ზოგი ისეთი გულუბრყვილო თვალებით გიყურებს, ამ დროს ჯიბე შეიძლება ამოტენილი ჰქონდეს. ზოგი კიდევ გულწრფელად მეცოდება. მაგალითად: მოხუცები, რომლებსაც თავიანთმა შვილებმა უმტყუნეს და ახლა ლუკმა პურისთვის ქუჩაში დგანან. ბავშვები, პატარები ოღონდ, რომლებმაც არ იციან რას სჩადიან და რომლებსაც საკუთარი მშობლები აგდებენ სახლიდან.

არსებობს მათხოვრების მეორე კატეგორია, რომელსაც უბრალოდ არ რცხვენია ხელის გამოშვერა და იოლ ფულს შოულობს; დგას ეკლესიასთან, ფარისევლობს და ხალხს თავს აცოდებს.( თუ ვტყუი რამეში, ღმერთმა მაპატიოს. ) ასეთ ადამიანს, ორივე ხელიც მთელი აქვს და ორივე ფეხიც. შეუძლია რაღაც გააკეთოს და იმუშაოს. ბოლო–ბოლო წავიდეს და ვაგზალზე „ტაჩკაზე“ იმუშაოს და საკუთარი ფული ექნება. თუმცა არ უნდა, რადგან იცის ხელის გაშვერით უფრო მეტიც მოვა და თან სულ ერთი ადგილის ფხანაში... ბევრიც კიდევ ბავშვებით სპეკულანტობს. ციგნებზე ლაპარაკიც არ მაქვს, მაგათ სისხლში აქვს მათხოვრობა ალბათ. თან მაგარი უნამუსოები არიან და ნაგლები.

მოკლედ რა მინდა. ჩვენმა მთავრობამ შექმნას კომისია. ამ კომისიის ფუნქცია კი მდგომარეობდეს შემდეგში: ცალკეულად შეისწავლის ქალაქში მათხოვრების საკითხს. კომისიას ეყოლება თავის დაქვემდებარებაში ხალხი, რომლებიც გავლენ ქალაქში, დაელაპარაკებიან მათ, გაიგებენ თუ რა შეუძლიათ და რა არა. მოკლედ ბიოგრაფიას შეადგენენ და ამის შემდეგ უკვე კომისიის წევრებს წარუდგენენ მათ მონაცემებს. (ეს ამბავი 1 და 2 დღეში ვერ მოხერხედება, დროა საჭირო).

კომისია შეისწავლის ამ ყველაფერს და ყველანაირად შეეცდება, რომ დაასაქმოს ქუჩაში მდგომი მათხოვარი. მოხუცებს რაც შეეხება, თავიანთი თახმობის საფუძველზე განათავსონ პანსიონატებში, სადაც უფრო მშვიდად იქნებიან და ქუჩაში არ მოუწევთ მთელი დღე ლუკმაპურისთვის მათხოვრობა და დგომა. ავადმყოფები კიდევ სამკურნალო დაწესებულებებში მოათავსონ, სადაც მკურნალობის ქვეშ იქნებიან. შეიძლება ისინიც გამოჯამრთლდნენ და ამის შემდეგ ეს ადამიანებიც დასაქმდნენ რაიმეთი.

ბავშვებს რაც შეეხება. რა თქმა უნდა მათივე სურვილით მოაწყონ სხვადასხვა სკოლებში და ანი-ბანს მაინც ისწავლიან, სხვა თუ არაფერი. ელემენტარული პირობა შეიქმნას იმისა, რომ ეს ბავშვი ქუჩაში არ გამოვიდეს სამათხოვროდ. ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი კი იქნება შემდეგი: მათხოვრების რიცხვი ქალაქში მკვეთრად შემცირდება. რაც მართლა წინ გადადგუმული ნაბიჯია ქვეყნისთვის. მართლა სირცხვილია ხალხო ამდენი მათხოვარი და ქვეყანაში მათხოვრობა როცა მეორე პროფესიად არის ქცეული.

გთხოვთ ცუდად ნუ გამსჯით... დამერწმუნეთ ძალიან, ძალიან მაგრად მეცოდება ეს ხალხი და ღმერთს ყოველთვის ვთხოვ, რომ მათ დღეში ნუ ჩამაგდებს ცხოვრება და სხვას ყველაფერს ეშველება, ასე თუ ისე. მოკლედ ეს მინდოდა მეთქვა“.