ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნების შედეგად წარმომადგენელთა პალატაში ქალების რეკორდული რაოდენობა იქნება წარმოდგენილი. კონგრესის ქვედა პალატაში ადგილს სულ მცირე 98 ქალი დაიკავებს.
ამერიკული მედია ამ ფაქტს, როგორც განსაკუთრებულ მოვლენას ისე აღნიშნავს, თუმცა, უნდა ითქვას, რომ წარმომადგენელთა ახალ პალატაში, ქალების ეს რაოდენობა დეპუტატების საერთო რაოდენობის სულ რაღაც 22,5% იქნება. აქედან გამომდინარე ამერიკას საერთოდ არ შეიძლება ეწოდოს მსოფლიო ლიდერი პარლამენტში გენდერული ბალანსის კუთხით.
პარლამენტთშორისი კავშირის მონაცემების თანახმად, რომელიც მსოფლიოს ბევრი ქვეყნის პარლამენტს აერთიანებს, შუალედურ არჩევნებამდე აშშ 193 ქვეყნიდან 104-ე ადგილს იკავებდა პარლამენტის ქვედა პალატაში ქალების რაოდენოების მიხედვით. შუალედური არჩევნების შემდეგ კი, სადაც
წარმომადგენელთა პალატაში ადგილები დეპუტატი ქალების რეკორდულმა მაჩვენებელმა მოიპოვა, ამერიკა ჩამონათვალშიც დაწინაურდა და ამჯერად 70-ე ადგილი დაიკავა, თუმცა ის ამ მაჩვენებლით ზიმბაბვესა და ერაყსაც კი ჩამორჩება.
აღსანიშნავია, რომ როდესაც საუბარი ეხება ქალების წარმომადგენლობას პარლამენტში, ამ კუთხით დემოკრატიულ ქვეყნებს ყველაზე ცუდი მაჩვენებლები აქვთ. პარლამენტარებს შორის ყველაზე მეტი ქალი დეპუტატი კი რუანდას ჰყავს, იმ ქვეყანას, რომელმაც ჯერ კიდევ სრულად ვერ გაიარა რეაბილიტაციის პროცესი სამოქალაქო ომის შემდეგ. აქ დეპუტატების 60%-ზე მეტი ქალია. აქვე უნდა ითქვას, რომ მსხვილი ქვეყნებიდან მხოლოდ მექსიკა ფიგურირებს ჩამონათვალის პირველ ხუთეულში, სადაც ქალები დეპუტატების საერთო რაოდენობის 48,2%-ს შეადგენს.