ძალიან ბევრს დავობენ არის თუ არა სიცოცხლე სხვა პლანეტებსა თუ მეზობელ გალაქტიკებში, ან არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელები.
კაცობრიობის არსებობის განმავლობაში, ძალიან ბევრი უცნაური ფაქტი დაფიქსირებულა, რომლის ახსნაც მეცნიერებს უჭირთ, ამიტომ ხშირად ასეთ მოვლენებს სწორედ ჩვენს სავარაუდო მეზობელ პლანეტებსა თუ გალაქტიკებში მცხოვრებ არსებებს მიაწერენ.
ერთ-ერთი ასეთი უცნაური შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, ირლანდიის სანაპიროებთან დააფიქსირეს. ადგილობრივმა საავიაციო სამსახურმა ამოუცნობ მფრინავი ობიექტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ BBC წერს.
9 ნოემბერი, დილის 6:47 წუთი, ბრიტანული ავიახაზების მფრინავი, შენონის აეროპორტის ხელმძღვანელ პირებს კითხვით მიმართავს, საჰაერო სივრცეში, თვითმფრინავის სიახლოვეს რაიმე სახის სწავლებები ხომ არ მიმდინარეობდა, რადგან მან "ამოუცნობი სწრაფად მოძრავი ობიექტი" შეამჩნია.
შენონის აეროპორტიდან მიღებული პახუსი უარყოფითი იყო. იმ მომენტისთვის თვითმფრინავის სიახლოვეს, მფრინავი ობიექტი არ უნდა ყოფილიყო.
ამოუცნობი ობიექტი შეამჩნია, მონრეალი-ლონდონის რეისის მფრინავმაც და დისპეტჩერს შეატყობინა, რომ ეკიპაჟმა ძალიან მკვეთრი შუქი დააფიქსირა, რომელიც თვითმფრინავის მარცხენა მხარეს მოულოდნელად გამოჩნდა, შემდეგ კი ჩრდილოეთისკენ სწრაფად გადაადგილდა.
ეკიპაჟს ობიექტის ამოცნობა გაუჭირდა, თუმცა, აღნიშნეს, რომ მფრინავ ობიექტს მათთან შეჯახება არ უცდია.
"ვირჯინ ეარლაინსის" მფრინავის აზრით, ეს შესაძლოა მეტეორი ან სხვა ობიექტი ყოფილიყო, რომელმაც დედამიწის ატმოსფეროში შემოაღწია. რადგან ამ ობიექტის ტრაექტორიაზე კიდევ რამდენიმე მკვეთრი ობიექტი დააფიქსირეს.
9 ნოემბერს, სხვადასხვა ეკიპაჟის მიერ, ამოუცნობი მფრინავი ობიექტის დაფიქსირების შესახებ შესული შეტყობინების საფუძველზე, ირლანდიის საავიაციო სამსახურმა, გამოძიება "კონფიდენციალური შემთხვევის" ფარგლებში დაიწყო.
შენონის აეროპორტში კი, გამოძიების დასრულებამდე მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.