ვანო მერაბიშვილის ოჯახის წყალობით „გავარსკვლავებული“, რუსეთზე შეყვარებული ნინი ქარსელაძის „საუკეთესო სისხლისღვრის“ მოკლე ისტორია

ვანო მერაბიშვილის ოჯახის წყალობით „გავარსკვლავებული“, რუსეთზე შეყვარებული ნინი ქარსელაძის „საუკეთესო სისხლისღვრის“ მოკლე ისტორია

„ოცნების“, უფრო კონკრეტულად, „ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ფანებმა ქართული ისევე კარგად იციან, როგორც თავად „დაფრანგებულმა ქალბატონმა“, ანუ თუ ზურაბიშვილი „ყველგან გათხრასა“ და „შეტყვნას“ აპირებს, მისი მიმდევრები „სახელოვან სისხლისღვრაზე“ სვამენ მახვილს. ახლა, მომღერალი ნინი ქარსელაძე, ალბათ, „სახელოვანი სისხლისღვრის“ „კანალიზაციას“ მოახდენს და იტყვის, ეს მე არ მითქვამს, „ჩამიდესო“, მაგრამ ეს ისეთივე ბლეფი იქნება, როგორც ის, რომ წინა ხელისუფლების დროს რეპრესირებული იყო.

კი ბატონო, ქარსელაძის ბიძა, მერაბ ჟორდანია „ვარდების რევოლუციის“ მერე დაიჭირეს და მას, როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ფულის გაფლანგვას ედავებოდნენ, მაგრამ ამის მერე ჟორდანია-ქარსელაძეები „ნაციონალებს“ ზომაზე მეტად „ჩუბრატდნენ“ და არც მოსვლიათ აზრად, ეყვირათ, რეპრესირებულები ვართო. ეს „ჩაბრატება“ კი იმაში გამოიხატებოდა, რომ ნინი ქარსელაძემ თავისი ყველაზე ცნობილი დუეტი „ქუჩის ბიჭებთან“ სწორედ ბიძის დაჭერის მერე ჩაწერა. უფრო მეტიც, სახელოვნებო კულუარებში ყველამ იცის, რომ ქარსელაძეს - არც მეტი, არც ნაკლები - ვანო მერაბიშვილის მეუღლე, თაკო სალაყაია ლობირებდა. გარდა ამისა, ისიც ცნობილია, რომ ნინის დედის, ხათუნა ჟორდანიას მეჯვარე თაკო სალაყაია იყო.

აი, ასეთი „რეპრესირებული“ გახლდათ ნინი ქარსელაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს.

ზოგადად, ქარსელაძე უზომოდ „განათლებული“ მომღერალია და საჯარო გამოსვლების დროს მხოლოდ „სახელოვან სისხლისღვრებზე“ კი არ საუბრობს, არამედ, რუსეთის მიმართც იჩენს ხოლმე ნაზ გრძნობებს. კერძოდ, მომღერალ გოგოს რუსეთის მიმართ სიყვარული მემკვიდრეობით გადაეცა და სულაც არ ახსოვს, რომ რუსეთმა საქართველო ჯერ კიდევ ორი საუკუნის წინ დაიპყრო, 2008 წლის აგვისტოშიც მიწასთნ გაასწორა. ქარსელაძეს არც გიორგი ანწუხელიძეზე გაუგია, ალბათ, რამე და არც - იმ 300 ათას დევნილზე, რომელმაც აფხაზეთი რუსეთის საომარი პოლიტიკის გამო დატოვა.

„დედაჩემის, ხათუნას ბებია იყო რუსი, ალბათ სისხლში მაქვს ამ ერის მიმართ სიყვარული. ჩემი უფროსი ძმა, კახი (მერაბ ჟორდანიას და მაკა ასათიანის ვაჟი) თავის ცოლთან ერთად იქ ცხოვრობს, იქ აქვს თავისი საქმე. მოსკოვში ბევრი მეგობარი მყავს, როგორც ქართველი, ასევე რუსი. ეს არის ქალაქი, სადაც მეტი საშუალება გაქვს საკუთარი თავის რეალიზების... ჩემი ცხოვრების რიტმი ძალიან უხდება მოსკოვს. ეს ის ქალაქია, სადაც კულტურა უმაღლეს დონეზეა განვითარებული. რუსული ძველი ესტრადა მომწონს - ლუბა უსპენსკაია, ფილიპ კირკოროვი და სხვები დედას ძალიან უყვარს და ეს სიყვარული მეც გადმომეცა. 

ვერ გეტყვით, რომ ახალი თაობის მომღერლებს ვიცნობ. ვიყავი "ა სტუდიოს" კონცერტზე, სადაც ქეთა თოფურიამ და დედამისმა დამპატიჟეს. კონცერტი ორკესტრის თანხლებით ჩატარდა და დიდი სიამოვნება მივიღე.... დარბაზი სულ სავსე იყო. ერთი ადამიანი ვერ ვნახე, ვინც ტაშს არ უკრავდა. ჩვენთან კონცერტზე მოდიან და ტაშს არ გიკრავენ. გულნატკენი ვარ, რომ ჩვენ არ გვყავს ისეთი მსმენელი, როგორიც ჰყავთ რუსებს.

ევროპისა და რუსეთის შედარებას დიდი ამბავი მოჰყვება, მაგრამ მე ასე ვფიქრობ. ლონდონში რომ ვსწავლობდი, მამაჩემს ციხეში გულის შეტევა მოუვიდა. რექტორთან შევედი, ჩემი მდგომარეობა ავუხსენი და გათავისუფლება ვთხოვე, მაგრამ მითხრა, რა ვქნა, გუშინ დედაჩემი მოკვდა, დღეს კი აქ ვარ და ლექციებს ვატარებო. ის წელი დავამთავრე და მას მერე ლონდონში აღარ დავბრუნებულვარ. ჯერ ერთი, რუსები მართლმადიდებლები არიან, მეორეც, ჩემთან უფრო ახლოს დგას ეს ერი, ვიდრე ევროპა, ამიტომაც გადაწყვეტილი მაქვს იქ წასვლა. ზუსტად ვიცი, ის ადამიანები, ვინც ძალიან ცუდად ფიქრობენ რუსებზე, ბოლო პერიოდში იქ არ ყოფილან. მათ ისე უყვართ ქართველები და ისე ენატრებათ ჩვენთან ურთიერთობები, რომ ვერ დავიჯერებ და ვერ მოვისმენ ადამიანებისგან მორალის კითხვას იმის თაობაზე, რომ იმ ქალაქში არ უნდა ჩავიდე“, - ეს არის ამონარიდი ნინი ქარსელაძის ინტერვიუდან, რომელიც 2016 წელს ჟურნალმა „სარკემ“ გამოაქვეყნა.