როგორ გამოვიყურებოდეთ სამსახურში იდეალურად: 10 ყველაზე საჭირო ნივთი

როგორ გამოვიყურებოდეთ სამსახურში იდეალურად: 10 ყველაზე საჭირო ნივთი

სამსახურში ყველაზე მეტ დროს ვატარებთ. თქვენთვის შევადგინეთ იმ 10 აუცილებელი ნივთის სია, რომლებიც ამინდის მიუხედავად, მუდამ ელეგანტურად წარმოგაჩენთ.

დიდი ჩანთა

ოფისისთვის იდეალური მოდელებია: შოპერი და ტოუტი. სასურველია, ჩანთა ხარისხიანი ტყავის იყოს, ზედმეტი დეტალების გარეშე. რაც უფრო სადაა, მით უკეთესია. ფერი - შავი ან ყავისფერი. ის სამოსის, ფეხსაცმლის მიხედვით შეარჩიეთ.

შავი ან მუქი ლურჯი პიჯაკი

ნაცრისფერიც შეიძლება. ის საქმიანი გარდერობის მთავარი სამოსია. შეგიძლიათ კლასიკურ შარვალს ან ქვედაკაბას მიუსადაგოთ, ვიწრო შარვალს ან ჯინსს. მთავარია განწყობა. ხარისხზე ეკონომიას ნუ გააკეთებთ. ის წლების მანძილზე გამოგადგებათ.

კლასიკური ფეხსაცმელი წვრილ ქუსლზე

ე.წ. ნავები წვრილ ქუსლზე ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს. იდეალური ფერია - ხორცისფერი და შავი. მართალია, მყარი ქუსლით მიწაზე დგომა უფრო მოსახერხებელია, მაგრამ წვრილი ქუსლი დახვეწილობის განსახიერებაა.

კაბა-ფანქარი

ასე ჰქვია კლასიკურ, მუხლზე ან ოდნავ გრძელ ქვედაკაბას. მას ზედმეტი დეტალები არ უნდა ჰქონდეს. ფერებიდან აირჩიეთ: შავი, მუქი ლურჯი, ნაცრისფერი, კრემისფერი ან ბორდოსფერი.

მინიმალისტური ტოპი

თეთრი ბლუზასავითაა - ყველაფერს უხდება: შარვალსაც და ქვედაკაბასაც და რაც მთავარია, ყველა ფერის პიჯაკს. 

ავანგარდული საყურე

თუ გარშემო მყოფების ყურადღების მიქცევა გსურთ, თამამი, თვალშისაცემი საყურე უნდა გაიკეთოთ. 

ტრიკოტაჟის ტანზე მომდგარი კაბა

შარვლისა და კოსტიუმის იდეალური ალტერნატივაა. მასთან ერთად აუცილებლად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უნდა ჩაიცვათ. შეგიძლიათ ფართო ქამარი გაიკეთოთ ან - ლამაზი, მასიური საყურე.

თეთრი პერანგი

ნუ გგონიათ უღიმღამო. იდეალურად ეხამება ნებისმიერი ფორმის (მაღალწელიანი, დაბალწელიანი) შარვალსაც და ქვედაკაბასაც.

აბრეშუმის შარფი

შეგიძლიათ ჰალსტუხივით დაიბნიოთ. აირჩიეთ მკვეთრი ფერის, "ბარდა", გეომეტრიული ფიგურები, ზოლები. მოერიდეთ ფლორისა და ფაუნის გამოსახულებას.

ნაცრისფერი სწორი შარვალი

ოფისისთვის შარვალი თქვენი სხეულის თავისებურებების გათვალისწინებით უნდა შეარჩიოთ. ის მამაკაცური სტილის ფეხსაცმელსაც (ლოფერები, დერბი, ოქსფორდები) უხდება, "ნავებსაც" და ბოტილიონებსაც.