მომღერალი ზურა ხაჩიძე ამერიკულ ტურნეში იმყოფება. პირველი კონცერტი მან ნიუ-იორკში ჩაატარა, რომლის წამყვანიც ზალიკო ბერგერი გახლდათ. კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. ღონისძიებას 500 სტუმარი დაესწრო და ემიგრანტების სხვადასხვა თაობამ ზურას სიმღერებზე და ზალიკო ბერგერის იუმორზე კარგად გართობაც მოახერხა.
ქართველ მომღერალს და "ქუჩის ბიჭების" სოლისტს ამერიკაში, ჯგუფის წევრი გურამიკო ლომიძეც შეუერთდა. მათ მიერ შესრულებულ სიმღერაზე "მიყვარხარ" დარბაზი შეიძლება ითქვას დაინგრა.
საღამოს ასევე, ესწრებოდნენ ამერიკაში მცხოვრები ქართველი მსახიობები ცუცა კაპანაძე და ხათუნა იოსელიანი. ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ მანანა ელიაშვილი.
ზურა ხაჩიძეს ამერიკაში სულ ხუთი კონცერტი აქვს დაგეგმილი, ნიუ-იორკის შემდეგ, ის ფილადელფიას, ნიუ-ჯერსის, ვაშინგტონს და ჩიკაგოს ეწვევა.
როგორც ქართველი ემიგრანტები აღნიშნავენ, ასეთი მასშტაბური კონცერტი ამერიკაში დიდი ხანია აღარ ჩატარებულა.
"რეიტინგი" ზურა ხაჩიძეს ამერიკაში დაუკავშირდა. რომელიც ემიგრანტებთან შეხვედრით აღფრთოვანებულია.
"ყოველთვის ემოციურია ემიგრანტებთან შეხვედრა და მე მოხარული ვარ, რომ აქ მცხოვრებ ქართველებს შევხვდი. ნოსტალგიური საღამო იყო, ეს ემოციები მთელი ცხოვრება გამყვება. მინდა თითოეულ მათგანს დიდი მადლობა გადავუხადო, ასეთი სითბოსთვის და სიყვარულისთვის. დაახლოებით 20 სიმღერა ვიმღერე და ამ უთბილეს და უკარგეს ხალხს, საქართველოში შეხვედრის იმედით დავემშვიდობე" - განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას.
ზურა ამერიკაში საქართველოს გენერალურ კონსულს დიანა ჟღენტსაც შეხვდა. რომელმაც თბილი დახვედრა მოუწყო.
ასევე შეხვდა მამა საბას, რომელმაც ზურა ხაჩიძე და გურამიკო ლომიძე დალოცა.
მომღერალმა ქველმოქმედებაც არ დაივიწყა და ოკეანის მიღმა ქართული ტაძრის მშენებლობისთვის გამართულ კონცერტშიც მიიღო მონაწილეობა. კონცერტზე ზურა ხაჩიძე მამა მატათამ მიიწვია.