რობერტ დე ნიროსთვის გაგზავნილ ამანათში ბომბი აღმოჩნდა

რობერტ დე ნიროსთვის გაგზავნილ ამანათში ბომბი აღმოჩნდა

რობერტ დე ნიროსთვის გაგზავნილ ამანათში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოჩნდა. ინფორმაციას NY Times ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. სამართალდამცავი ორგანოს განცხადებით, ამანათის უკან იგივე პიროვნება დგას, ვინც ბომბები ბოლო 1 კვირის განმავლობაში ტრამპის სხვა კრიტიკოსებს გაუგზავნა.

CNN-ის ნიუსრუმის, ჯორჯ სოროსის, ობამებისა და კლინტონების შემდეგ, საეჭვო ამანათი ამერიკელ მსახიობ რობერტ დე ნიროსაც გაუგზავნეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ამანათი ნიუ-იორკში მდებარე რესტორან Tribeca Grill-ში დილით მიიტანეს. დაწესებულება ორი ოსკარის მფლობელ მსახიობს ეკუთვნის.

თუ ის შემოწმების შემდეგ წინა საეჭვო ამანათებს დაემთხვევა, ეს მერვე შემთხვევა იქნება, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობა იმ ადამიანს გაუგზავნეს, ვინც აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აკრიტიკებს.

რობერტ დე ნირომ ივნისში გამართულ ტონის დაჯილდოებაზე ტრამპი გააკრიტიკა. "მას დაბალი IQ აქვს", - ასე გამოეხმაურა ამერიკის პრეზიდენტი მსახიობის შეფასებას. მოგვიანებით, დე ნირომ ტრამპს "ეროვნული ტრაგედია" უწოდა.

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, ამანათის მიტანისას რესტორანი ცარიელი იყო.

ამანათები, ასაფეთქებელი ბომბით პირველად მილიარდელმა ბიზნესმენმა ჯორჯ სოროსმა მიიღო. ის დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი უდიდესი დონორია.