"გრიგალაშვილმა დაადასტურა, რომ მოკლა ანა ნაცვლიშვილი. ასევე მოყვა თუ როგორ მოიცილა სისხლიანი დანა"

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის სასამართლო პროცესზე გამომძიებლები გამოკითხეს.

როგორც გამომძიებელმა ლაშა ტუხაშვილმა მოსამართლის წინაშე აღნიშნა, რომ გამოძიების ეტაპზე დაკითხვისას ლადო გრიგალაშვილმა განაცხადა, რომ მან მოკლა ანა ნაცვლიშვილი.

გამომძიებლის ინფორმაციით, ჩვენების მიცემის შემდეგ თავად გრიგალაშვილმა მოაწერა დაკითხვის ოქმს ხელი.

„მე დავკითხე ამჟამად უკვე ბრალდებული ლადო გროგალაშვილი და მან დაკითხვისას დაადასტურა, რომ უშუალოდ მან მოკლა ანა ნაცვლიშვილი. ასევე მოყვა თუ როგორ მოიცილა დანაშაულის იარაღი, სისხლიანი დანა", - განაცხადა გამომძიებელმა.

შეგახსენებთ, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილს ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.