მართლმსაჯულება პარალიზებულია - წარმოიდგინეთ, პროკურატურამ, რომელსაც აკონტროლებს ფარცხალაძე, უნდა გამოიძიოს საქმეები, რომლებშიც ფარცხალაძე ფიგურირებს, - ამის შესახებ იურისტმა, ლია მუხაშავრიამ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მუხაშავრიამ შესაბამისად უპასუხა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, იმ ფონზე, როცა პროკურატურას ფარცხალაძე აკონტროლებს, გამოიძიებს თუ არა ეს უწყება საქმეებს, რომლებშიც ფარცხალაძე ფიგურირებს.
„ცხადია, რომ არა. როდესაც არაფორმალური მმართველობის საფრთხეებზე ვლაპარაკობთ, სწორედ ეს იგულისხმება, რომ ფარცხალაძე, რომელიც არ არის ფაქტობრივი პროკურორი, ოფიციალური პირი და ის აღასრულებს ქვეყანაში" მართლმსაჯულებას - არის ჯალათიც, განმსჯელიც, არის სასჯელის შემფარდებელიც და მისი აღმასრულებელიც. ასეთ ვითარებაში, როდესაც მმართველობა არაფორმალურია, ქვეყანა ძალიან სწრაფად იძირება ჭაობში. უკვე ვხედავთ, როგორ ხრწნის ეს ქვეყანას, როგორც ინსტიტუტს, შიგნით ასეთი პროცესებია და ხელისუფლებას მისი შეჩერება აზრადაც არ მოსდის. ეს უპირველესად მას გადაიყოლებს. მართლმსაჯულება პარალიზებულია - წარმოიდგინეთ, პროკურატურამ, რომელსაც აკონტროლებს ფარცხალაძე, უნდა გამოიძიოს საქმეები, რომლებშიც ფარცხალაძე ფიგურირებს“, - განაცხადა მუხაშავრიამ.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, შესაძლოა თუ არა „ომეგა ჯგუფის“ და პარალელურად ფარცხალაძის საქმე ხელისუფლებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს, ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ „თუ ხელისუფლება არ გამოფხიზლდა, ფარცხალაძე მათ „პოლიტიკურ სარდაფში“ ჩაიყოლებს.
„ის ლექსიკა, რომლითაც გველაპარაკებიან, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, საზოგადოებას თვალნათლივ უჩვენებს, რომ ჩვენ მივეცით უფლებამოსილება და მანდატი იმ პირებს, რომლებიც ამ თანამდებობებისთვის სრულიად შეუფერებელი და არაადეკვატურები არიან. ამას ემატება ისიც, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა რეალურია, ძალიან დიდი და განუზომელი ძალაუფლების პრაქტიკულად გამტარებელია და ეს ძალიან საშიში ვითარებაა. ვფიქრობ, საზოგადოება მალე გონს მოეგება. ხალხმა უნდა დაინახოს, რომ არჩევნების დღეს შინ ჯდომა არ შეიძლება და არა მარტო უნდა მივიდნენ არჩევნებზე, არამედ ყურადღებით უნდა შეაფასონ კანდიდატები და არჩევანი ისე გააკეთონ. რაც შეეხება ხელისუფლებას - თუ არ გამოფხიზლდა, მათ „პოლიტიკურ სარდაფში“ ჩაიყოლებს“, - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.