ნინო ბურჯანაძე:

ნინო ბურჯანაძე: "ვლადიმერ პუტინს საქართველო არც ერთხელ არ მოუტყუებია, არც 2008 წელს"

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს საქართველო არც ერთხელ არ მოუტყუებია, მათ შორის არც 2008 წელს.

"ჩემი და მისი ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ პუტინმა პრესკონფერენციაზე გააკეთა განცხადება, რომელიც ქართულმა არხებმა არც კი გაუშვეს. პუტინს ჰკითხეს, არის თუ არა შანსი, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და ოსეთის აღიარება უკან წაიღოს. მან ძალიან ნათლად უპასუხა, რომ თუ ქართველები და აფხაზები, ასევე ქართველები და ოსები მოილაპარაკებენ და ერთობლივ ცხოვრებაზე შეთანხმებიან, რა ტიპის სახელმწიფოებრივ მოწყობაშიც გადაწყვეტენ ცხოვრებას, ჩვენ მივიღებთ მათ ამ გადაწყვეტილებას და ხელს არ შევუშლითო", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "7vs1".

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერს ჟურნალისტმა ჰკითხა, სჯერა თუ არა მას პუტინის აღნიშნული განცხადების.

"მჯერა, რადგან ის არის ადამიანი, რომელიც ძალიან ღიად და პირდაპირ ლაპარაკობს და სხვათა შორის, არც ერთხელ საქართველო არ მოუტყუებია, მათ შორის არც 2008 წელს. ამის მოწმე მე ვიყავი და ამის შესახებ განცხადება სააკაშვილმაც გააკეთა. მან გააფრთხილა საქართველო, რომ თუ ისე მოიქცეოდა, როგორც ჩვენ მოვიქეცით, აუცილებლად მოჰყვებოდა ამას ის, რაც მოჰყვა. პოლიტიკოსის ამოცანა ის კი არ არის, რომ მისი ან გვჯეროდეს ან არა, ან მოგწონდეს რომელიმე პოლიტიკოსი ან არა, პოლიტიკოსის ამოცანა არის ის, რომ მან მიაღწიოს მოლაპარაკებებით იმ რეალობას, რაც უნდა დადგეს", - აღნიშნა ბურჯანაძემ ჟურნალისტის პასუხად.