4 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შემავალმა ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც რესპუბლიკებს შორის საზღვარი ოფიციალურად დამტკიცდა.
აღმოჩნდა, რომ ინგუშეთის პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ყველა კმაყოფილი არ არის. დილიდან ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა იგუშეთის დედაქალაქ მაგასის ქუჩებში და გაემართა რესპუბლიკის ეროვნული კრებისკენ.
აქტივისტების მტკიცებით, რეგიონების მმართველებმა ინგუში ხალხი შეცდომაში შეიყვანა და ასე გადასცა ჩეჩნეთს მათი კუთვნილი მიწების ნაწილი.
მათ საპარლამენტო დეპუტატებს მიმართეს თხოვნით, რომლის თანახმადაც, გადაწყვეტილების მიღების პროცესში არა მხოლო მაღალჩინოსნები უნდა იღებდნენ მონაწილეობას, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებიც.
ხალხის მოთხოვნით ეროვნული კრების სხდომაში საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობა დეპუტატებმა უნდა უზრუნველყონ. ამის შესახებ გამოცემა "ბი ბი სი-ს" კორესპონდენტს დემონსტრაციის ერთერთმა მონაწილემ განუცხადა.
მშვიდობიანი აქციის მსვლელობისას დემონსტრანტებთან სასაუბროდ როსგვარდიის თანხლებით გამოვიდა დეპუტატების დელეგაცია, რის შემდეგაც დეპუტატებს, სავარაუდოდ, პლასტმასის ბოთლი ესროლეს.
თვითმხილველების განცხადებით, მომიტინგეებთან გამოსულ ინგუშეთის ლიდერ იუნუს-ბეკ ევკუროვს დაუშინეს ბოთლები, რის შემდეგაც გაისმა ჰაერში სროლის ხმა.
ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოც. მათი განცხადებით, მსგავსი კანონპროექტების განხილვა ეროვნული კრების კომპეტენციაში არ შედის და გადაწყვეტლება მიღებულ უნდა იქნას რესპუბლიკური რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ სუნჟის რაიონი ჩეჩნეთისა და ინგუშეთისთვის წლების განმავლობაში იყო სადავო საკითხი, რადგან რეგიონი ორივე რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის.