ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ომეგას“ შესახებ კიდევ ერთხელ დავწერ და ვხურავ ამ თემას, სულაც რომ ყირაზე დადგეს ყველაფერი.
ორი დღეა აქტუალურია ლევან ყიფიანის საკითხი. ზოგს ეცოდება, ზოგი პირიქით, მუსრავს.
რატომღაც, ძალიან ბევრმა არ შეიმჩნია ის, თუ რა მინიშნება გააკეთა ზაზა ოქუაშვილმა ლევან ყიფიანთან მიმართებაში.
რა ხდება, მაღალ სტანდარტთან გვქონდა საქმე?
თუ ვერ გაიგეთ რა მინიშნება იყო? აგიხსნით მაშინ.
მტკიცებით ფორმაში თქვა, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ და შეურაცხყვესო. შემდეგ ჩაასწორა, თან ტექსტს ჩახედა, კალმით ხელში - არაო, მცდელობა ჰქონდათო.
ჯერ მცდელობა რას ნიშნავს, იქნებ ვინმემ ახსნას, და მერე ასეთი თემების გასაჯაროვება რას ჰგავს? სიმართლეც რომ ყოფილიყო, მთელი თავისი ბიზნესის საფასურად არ უნდა ეთქვა. მაგის გარეშეც საკმარისი ინფორმაცია იყო.
შეეშალა? არა. ეს განზრახ იყო ნათქვამი, დაწერილი ტექსტის მიხედვით, რევოლუციური მუხტის შესაქმნელად. მსგავსი მინიშნება კაცს შემთხვევით არ წამოსცდება. თან გააბუქა, თავის მოკვლას აპირებდაო.
ბევრმა იჩქარა და პოსტიც კი მიუძღვნა, პარალელები გაავლო.
იშვიათმა ადამიანმა დაგმო ეს.
ყიფიანის ჩარევა ამ საქმეში ისეც, რასაც ოქუაშვილი აბრალებს და ასეც, რაც თვითონ განაცხადა სასამართლოზე, კითხვებს ჰბადებს და მიუღებელია.
მაგრამ, ათასჯერ მიუღებელია, როცა კონკრეტულ ადამიანზე, რომელსაც პირადი განცდების და თავმოყვარეობის გარდა, ოჯახი ყავს, ასეთ სიბინძურეს ავრცელებ.
ყველაფერი მაინტერესებს ომეგას თემაზე, მ.შ. ის ჩანაწერები, რომლებზეც ამბობენ, რომ დაუჭრელ-დაუმონტაჟებელი აქვთ. ეჭვი არ შეგეპაროთ, თუ სხვა სიმართლე გაირკვევა ლონდონში ან სხვაგან, ჩემგანაც სათანადო შეფასება მოჰყვება.
„ომეგა“ და ბევრი სხვა კომპანია, რომლებიც (შექმნის და "კრიშების" ისტორიებს არ მოვყვები. სხვები ჩემზე უკეთ არიან ჩახედულნი და წერენ) შევარდნაძის დროს ბიუჯეტს მილიონებს და მილიარდებს უმალავდნენ, ვერ იქნებიან ჩემთვის ავტორიტეტები. თუმცა შევეჩვიეთ არაკეთილსინდისიერ ქართველ, საქართველოში გამდიდრებულ მულტიმილიონერებს.
მაგრამ, ვერ შევეჩვევი ასეთ ბინძურ ხერხებს. შესაბამისად, ვერც გულშემატკივარი ვიქნები. სასამართლოებსა და გამოძიებებს მშვიდად დაველოდები.
არ დავწერდი ამ ყველაფერს, მაგრამ ძალიან ბევრი რამ წავიკითხე და იშვიათად შემხვდა სიბინძურის დაგმობა.
მოგვწონს სიბინძურეში, ზიზღში ბანაობა? გავაგრძელოთ.
მე პირადად დავიღალე. მთელი ცხოვრება გავიდა, სამი ომი, რევოლუციები, პარტიების კინკლაობები ხელისუფლების მოსაპოვებლად, ზიზღი, ბარიკადები, ერთმანეთის მიუღებლობა, სიბინძურე...
მთელი ცხოვრება გავიდა უკეთესი ქვეყნის აშენების მოლოდინში. იქნებ შვილებისთვის მაინც მოვახერხოთ, თუ კარგი ცხოვრება არა, ზიზღი სიყვარულით ჩავანაცვლოთ?!“ - წერს ამირან სალუქვაძე.