იტალიის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ჩრდილოეთის ლიგის“ დეპუტატების თქმით, აპირებენ, მუსლიმ დედებს აუკრძალონ ტრადიციული ბურკისა და ნიქაბის ტარება შვილების სკოლიდან გამოყვანისას.
დეპუტატების მტკიცებით, სკოლის თანამშრომლებმა უნდა შეძლონ იმ ადამიანის ცნობა, ვისაც სკოლიდან ბავშვი გაჰყავს. ისინი ინიციატივას ბავშვების უსაფრთხოებით ხსნიან.
პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც 2010 წელს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მუსლიმური სამოსელის, ფარანჯის ტარება აიკრძალა, საფრანგეთია.
არსებობს მუსლიმი ქალის სამოსელის რამდენიმე სახეობა:
ჰიჯაბი - თავსაბურავი, ფარავს თავს და მხრებს, მაგრამ არა სახეს;
ნიქაბი - თავსაბურავი, რომელიც ფარავს სახესაც, თუმცა თვალები არ არის დაფარული;
ჩადრი - სამოსი, რომელიც ფარავს მთლიანად სხეულს თმის ღერიდან ფეხის ტერფის ჩათვლით, თუმცა სახე არ არის დაფარული, ქალი ჩადრის ტარებისას ცალკე თავსაბურავსაც ატარებს;
ფარანჯა - ხალათის მსგავსი უხელო სამოსი, რომელიც მთლიანაც ფარავს სხეულს და ასევე სახეს. სახე დაფარულია პირბადით. ამ სამოსის ტიპს მიეკუთვნება ბურკაც - ის სრულიად ფარავს ქალის სხეულის ზედა ნაწილს.
ერთი თვის წინ საქართველოს პარლამენტშიც მომზადდა მუსლიმური სამოსის შეზღუდვის შესახებ კანონპროექტი.
ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული აკრძალულია: ჰოლანდიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ბულგარეთში და ლატვიაში. მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან ამ ქვეყნების რიცხვს დანიაც შეუერთდა.