ბოლო სკანდალურ მოვლენებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებას თავის მოსაზრებას რამდენიმე დღეში გააცნობს. პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის თქმით, ადამიანს, რომელიც წლებია აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ორი დღე არ უნდა სჭირდებოდეს საკუთარი მიდგომების ჩამოსაყალიბებლად.
სოსო ციკარიშვილი: „რამდენად შეასრულებს თავის დანაპირებს ბიძინა ივანიშვილი, ვერ გეტყვით. შეიძლება საერთოდ გადაიფიქროს. არც იმაში ვარ დარწმუნებული რომ, თუ მაინც გადაწყვიტს საკუთარი აზრი გააცნოს საზოგადოებას, რაიმე განსაკუთრებულ განცხადებას გააკეთებს.
„დარწმუნებული ვარ, გამოსვლისას იგი სიმშვიდეს შეინარჩუნებს და კარგად წაიკითხავს იმ ტექტს, რომელსაც ტექსტის ავტორები დაუწერენ. მაგრამ არ მგონია მის გარშემო იყოს ისეთი ადამიანები, რომლებიც შეძლებენ მიმდინარე მოვლენები გენიალურად დაგვიხატონ.
„ვურჩევდი, რომ არ გაიმეოროს ის ფრაზეოლოგია, რასაც იგი თავისი გარემოცვიდან ისმენს. კარგი იქნება, თუ აგვიხსნას, რატომ არ ტოვებენ სავარძლებს ის ადამიანები, ვინც საქართველოს სახელმწიფოებრიობას ვნებს და მიუღებელია მოსახლოებისთვის, ან სად იპოვა, ან ვინ დააძალა მათი ხელისუფლებაში მოყვანა. მე რა თქმა უნდა ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ ნახევარზე მეტი რომ ღირსეულად არ იკავებს თავის ადგილს, რა წინასვლაზე შეიძლება იყოს საუბარი.
„მესმის, რომ საკადრო საკითხები მტკივნეული თემაა, მაგრამ აუცილებელია ცვლილებები. თუ ბიძინა ივანიშვილი ამ ცვლილებებს არ გაატარებს, მაშინ იგი საკუთარი ცვლილების თემას უნდა ჩაუფიქრდეს“, - განუცხადა სოსო ცისკარიშვილმა „რეზონანსს“.