„გამოცდილება, ენის ცოდნა, სისხარტე, ქართულად აზრის სწრაფად ჩამოყალიბება - ამას ყველაფერს დიდი მნიშველობა აქვს დებატების დროს. ზურაბიშვილი, იმის გამო, რომ ქართული ცუდად იცის, ის ტემპში და რითმში ვაშაძეს ვერ მოუგებს. მგონია, რომ წარმატება უფრო ვაშაძის მხარეს შეიძლება იყოსб ვიდრე ზურაბიშვილის," - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატთა მოსალოდნელი დებატების შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ.
„ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, თავისი ოპონენტები, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" და „ევროპული საქართველოს" საპრეზიდენტო კანიდატები, გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე, დებატებში გამოიწვია, რაზეც ორივე საპრეზიდენტო კანდიდატი თანახმაა და უახლოეს მომავალში ზურაბიშვილი-ვაშაძე-ბაქრაძის დებატებს საზოგადოება იხილავს.
ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ეს ძალიან საინტერესო დებატები იქნება, თუმცა, სალომე ზურაბიშილი, მისი აზრით, თავიდანვე წამგებიან პოზიციაშია.
„დიდი მნიშვნელობა აქვს დებატების ფორმატი როგორი იქნება. მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, ძალიან საინტერესოა ეს დებატები. საქართველოში ამგვარი დებატები პირველად იქნება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვაშაძეს საკმაო გამოცდილება აქვს, ზურაბიშვილისთვის მთლად სახარბიელო ვერ იქნება ეს დებატები.
„რამდენიმე მხარეა დაპირისპირებული; შესაძლოა ორივე მხარე - ვაშაძე და ბაქრაძე, ზურაბიშვილთან იყვნენ დაპირისპირებული, მაგრამ ისინი ერთმანეთთანაც დაპირსპირებული არიან და ამან შეიძლება ვითარება უფრო გაანეიტრალოს," - აღნიშნა ძაბირაძემ
მისივე თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, ეს დებატები პრეზიდენტობის კანდიდატთა რეიტინგებსა და ამომრჩევლის განწყობაზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს.
„არ მგონია, რომ ამ დებატებმა რაიმე გავლენა იქონიოს ამომრჩეველზე. დღესდღეობით აქტიური ამომრჩეველი უკვე ჩამოყალიბებულია. რაც შეეხება იმ მასას, რომელიც ნეიტრალურია, მათთვის ეს დებატები გადამწვეტ როლს ვერ ითამაშებს. ამის გააქტიურებას უფრო სხვა პროცესები დასჭირდება და ეს როგორც წესი ხდება ხოლმე არჩევნებამდე ორი კვირის განმვალობაში," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.