ჭიჭინაძე ელისაშვილის განცხადებაზე: „ელისაშვილს არ ეტყობა, რომ რაღაცას იგონებდეს, ალბათ იყო ასეთი წინადადება“

ჭიჭინაძე ელისაშვილის განცხადებაზე: „ელისაშვილს არ ეტყობა, რომ რაღაცას იგონებდეს, ალბათ იყო ასეთი წინადადება“

 „ალეკო ელისაშვილი რომ აქტიურად იყო ჩართული „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ კამპანიაში, ეს ყველამ იცის. ელისაშვილს არ ეტყობა, რომ თითქოს რაღაცას იგონებდეს, ალბათ იყო ასეთი წინადადება. რატომ მოიგონებდა?“ - ასე შეაფასა პარლამენტის წევრმა დავით ჭიჭინაძემ „რეზონანსთან“ საუბრისას თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ 2011 წელს მას „ქართული ოცნების“ დამფუძვნებლად ყოფნას სთავაზობდნენ, ხოლო საპარლამენტო არჩევნებზე - „ოცნების“ სახელით ძველი თბილისის მაჟორიტარობას.

დავით ჭიჭინაძემ 2011 წელს მიმდინარე მოვლენები გაიხსება და აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის დროს საზოგადოებას ეშინოდა და ამიტომაც, „ქართული ოცნების“ გვერდით ძირითადად ის ადამიანები იდგნენ, ვინც ოპოზიციურ აზრს ღიად აფიქსირებდა. 

„მაშინ „ქართულ ოცნებაში,“ დამერწმუნეთ, რიგი არ იდგა. 2011 წელს ხალხს ეშინოდა და ძირითადად ის ხალხი მონაწილეობდა, ვინც ოპოზიციურად იყო განწყობილი, მიტინგებზეც დადიოდა და მთავარი დასაყრდენი ბირთვი მაშინ „ქართული ოცნებისთვის“ ისინი იყვნენ.  არა ისე, როგორც დღეს ხდება, როდესაც „ქართული ოცნების“ გარშემოა ყველა თავისი წარსულის მიუხედავად, მედროვეებით რომ არის გავსებული.

„რადგან ასე ამბობს, არ მაქვს მიზეზი, რომ არ დავუჯერო ამ ადამიანს. ამ განცხადებით მას არც არაფერი აკლდება და არც ემატება. ეს ის თემა არ არის, რომელსაც შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, დღევანდელ მოცემულობაში განსაკუთრებით. ის უკვე წარსულია და გავლილი ისტორიაა,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ცნობისათვის, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ 2011 წელს მას „ქართული ოცნების“ დამფუძვნებლად ყოფნას სთავაზობდნენ. არჩევნების დროს კი, ძველი თბილისის მაჟორიტარობა შესთავაზეს, - ამის შესახებ მან „პალიტრანიუსზე“ ისაუბრა.