"როცა ჩემსა და ივანიშვილს შორის ურთიერთობა დამთავრდა, იქ გაჩნდა დაპირისპირებებიც"

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პოლიტიკაში ურთიერთობა მას მხოლოდ ქართული ოცნების თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან ჰქონდა და როდესაც ეს ურთიერთობა დასრულდა, იქ "გაჩნდა დაპირისპირებების ტალღაც". ამის შესახებ პრეზიდენტმა ამერიკის ხმის ქართულ რედაქციასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენი ურთიერთობა პოლიტიკაში იყო ჩემსა და ივანიშვილს შორის ურთიერთობა და ეს ურთიერთობა რომ დამთავრდა, ბუნებრივია, იქ გაჩნდა დაპირისპირების ეს ტალღაც. აბა, საიდან უნდა წამოსულიყო. შეიძლება ინსტინქტურადაც. პოლიტიკოსებს ისე უყვართ დაძაბულობა და მითუმეტეს, თუ მათ მთავარ ხელმძღვანელთან დაძაბულობა გაქვს", - ამბობს პრეზიდენტი.

მარგველაშვილის განცხადებითვე, პრეზიდენტის ინსტიტუტი თავის დროზე არა მმართველმა გუნდმა, არამედ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაასუსტა.