„აქეთ არის ქალი, რომელმაც საფრანგეთის მოქალაქეობა დათმო, იქით არის „კაცი“, რომელსაც რუსული პასპორტი ვერ გააგდებინეს ხელიდან“

„აქეთ არის ქალი, რომელმაც საფრანგეთის მოქალაქეობა დათმო, იქით არის „კაცი“, რომელსაც რუსული პასპორტი ვერ გააგდებინეს ხელიდან“

საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

შაქარიშვილი საუბრობს იმის შესახებ, თუ რატომ უნდა დაუჭიროს მხარი ამომრჩეველმა ზურაბიშვილს:

„ჟურნალისტები ასე კითხულობენ ხოლმე, რატომ სალომე ზურაბიშვილიო და როგორც მისმა მხარდამჭერმა, მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო.

არჩევანი ძალიან მარტივია! აქეთ არის ევროპა, იქით არის რუსეთი.

აქეთ არის ქალი, რომელმაც საფრანგეთის მოქალაქეობა დათმო, იქით არის „კაცი“, რომელსაც ომის შემდეგაც კი, რუსული პასპორტი ვერ გააგდებინეს ხელიდან.

აქეთ არის ფრანგული დიპლომატიური სკოლა, იქით არის კგბ-ს სკოლა.

დაახლოებით ერთ პერიოდში სალომე ზურაბიშვილი რუსეთისგან დევნილი, ემიგრაციაში იზრდებოდა, ვაშაძე კი რუსეთში ალხიმოვის (საბჭოთა ბანკების გაერთიანების უფროსი) სიძეობაში ვაჟკაცდებოდა.

აქეთ არის პოლიტიკოსი, რომლის სახელსაც უკავშირდება რუსეთის ბაზების გაყვანა, იქით არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ეს ბაზები დააბრუნა ბევრად დიდი მოცულობით, კიდევ უფრო ახლოს.

აქეთ არის კანდიდატი, რომელიც არ ატყუებს ამომრჩეველს, იქით არიან კანდიდატები, რომლებიც ხალხს თვალში ნაცარს აყრიან.

აქეთ არის ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ 2005 წლიდან ებრძოდა რეჟიმს, იქით არის ადამიანი ვინც აპირებს შეიწყალოს მწამებლები და კაციჭამიები.

აქეთ არის მომავალი პრეზიდენტი, რომელიც მშვიდობას და სტაბილურობას გვპირდება, იქით არის კანდიდატი, რომელიც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და დიდ არეულობას გვპირდება.

აქეთ არის პოლიტიკური ძალის მხარდაჭერილი კანდიდატი, რომელმაც ამ ქვეყანაში ფაშისტური რეჟიმი დაასრულა, იქით არის ფაშისტური რეჟიმის ორი ქვედანაყოფის კანდიდატი.

აქეთ არის ევროპული, მშვიდი საარჩევნო კამპანია და იქით არის ისტერიული, გულისამრევი სიქაჯე.

აქეთ არის მსხვერპლი, იქით არის მოძალადე. აქეთ არის სიკეთე, იქით არის ბოროტება.

განვრცობა კიდევ შესაძლებელია, მაგრამ ვფიქრობ, საკმარისია სწორი არჩევანის გასაკეთებლად", - წერს სოციალურ ქსელში შაქარიშვილი.