„სასიკვდილო სელფი“ - როგორია ფოტოს გადაღების დროს დაღუპულთა სტატისტიკა?

„სასიკვდილო სელფი“ - როგორია ფოტოს გადაღების დროს დაღუპულთა სტატისტიკა?

"შეწყვიტეთ ე.წ "სელფების" გადაღება, ეს საშიშია", - ასე მოუწოდებს მკვლევარი ზაკარი კროკეტი სელფის მოყვარულებს.

მისი თქმით, 2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ხშირად ადამიანები "სელფებს" საშიშ ვითარებაში იღებენ, რაც ფატალურად სრულდება. მაგალითად, გასულ წელს სელფის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 49 შეადგინა. ყველაზე მეტი მათგანი ინდოეთში დაიღუპა (19). მეორე ადგილას კი ამ მხრივ, რუსეთი გავიდა 7 შემთხვევით, ხოლო მესამეზე - აშშ, სადაც "სელფის" გადაღების დროს დაღუპულთა რიცხვმა 5 შეადგინა.

მათგან ყველაზე მეტი - 16 ადამიანი სიმაღლიდან გადმოხტომის დროს "სელფის" გადაღებას ემსხვერპლა, 14 კი - ყვინთვის დროს. "სელფის" გადაღების დროს მატარებლის დაჯახების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა.

2014 წელს მექსიკელი გარდაიცვალა ორიგინალური სურათის გადაღების მცდელობისას. მან იარაღი საფეთქელთან მიიდო და პისტოლეტის შემთხვევითმა გასროლამ იგი სასიკვდილოდ დაჭრა.

17 წლის ქსენია იგნატიევა 10 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. იგი სელფისთვის სარკინიგზო ხიდზე ავიდა, ჩამოვარდნის დროს მაღალი ძაბვის კაბელს წაავლო ხელი და ადგილზე გარდაიცვალა. ერთი თვის შემდეგ იგი 18 წლისა ხდებოდა

ეზკა აგასი მეგობრის დაბადების დღეზე ჯგუფური სელფის გადაღების დროს ფილიპინებზე ჩაიძირა. სტუდენტს ტალღა პლიაჟზე იმ მომენტში წამოეწია, როცა ჯგუფი ფოტოს ცნობილი ქარის წისქვილების ფონზე იღებდა.

2014 წლის აგვისტოში პოლონელი წყვილი დაიღუპა პორტუგალიაში, კაბო დე როკას კლდიდან მოწყდნენ. როგორც ჩანს ისინი სელფის გადაღებას კლდის ქიმზე ცდილობდნენ.

კვლევის მიხედვით, სელფის გადაღების დროს ყველაზე ხშირად ინდოელები ზიანდებიან. მეორე ადგილს პაკისტანი, მესამეს კი აშშ იკავებს. ფოტოს სიყვარულის გამო დაღუპულ ადამიანთა სტატისტიკამ უკვე სერიოზულ მაჩვენებელს მიაღწია. აღმოჩნდა, რომ 2014 წლიდან სელფს 127 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. საინტერესოა, რომ დაღუპულთა 76% 20-დან 24 წლამდე მამაკაცები იყვნენ. ამასთან, დაღუპულთა 27 პროცენტი 21 წლამდე ასაკისაა.