მწერალი როსტომ ჩხეიძე პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბოლოდროინდელ საჯარო განცხადებებს, რომელიც მან „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ სკანდალთან დაკავშირებით გააკეთა, „კომკავშირულ გამოსვლას“ ადარებს
„არსებობდა ზღვარი, რომლის გადალახვასაც თვით ბოლშევიკებიც ერიდებოდნენ. ბოლშევიკური უტიფრობა ხომ ცნობილი გახლდათ, ბოლშევიკური დაუნდობლობა და დემაგოგია, ბოლშევიკური პარტიული ეგოიზმი, კანონების ფეხქვეშ გათელვა, წართმევა-წაგლეჯვა, რეპრესიები არაფრად რომ უღირდათ, თუმც თვით ისინიც გაურბოდნენ ზოგიერთი რამის ჩადენას, მაგრამ პარტიული პრინციპი თუ მოითხოვდა იმ ზღვარის გადაბიჯებას, ამისთვის კომკავშირლები ჰყავდათ შეგულებული, ისინი, რომლებიც იმ ზღვარსაც გადააბიჯებდნენ ხოლმე, ბოლშევიკები ყოყმანით რომ შედგებოდნენ მის წინაშე.
და როგორ არ გამხსენებოდა პარტიული დავალების კომკავშირული აღსრულების ის ტენდენცია, ბ-ნ კობახიძეს რომ მოვუსმინე, ბრმა ბედისწერის ირონიით პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე წამოსკუპებულს.
ამის თქმას: გამომძალველები, კორუფციაში ჩაფლული ადამიანები კი არა, არამედ დაზარალებული უნდა დაისაჯოს, სამთავრობო დანაშაულის მამხილებელს უნდა აზღვევინოს პროკურატურამ, ეს არის ჩემი პირდაპირი დავალებაო, - ეს კომკავშირელი თუ იკადრებდა, იმ ზღვარის გადაბიჯებას, ბოლშევიკებიც რომ გაურბოდნენ.
რას ვიზამთ, კომკავშირული მორალი ეს ყოფილა და ეს რჩება. ბრმა ბედისწერა კი კვლავ განაგრძობს ჩვენს დაცინვას პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე შემოსკუპებული კონკიჟღარუნას სახით... მაგრამ განა როდემდე?!“ - წერს როტომ ჩხეიძე სოციალურ ქსელში.