ბოლო პერიოდში თურქული კინო განსაკუთრებულად პოპულარული გახდა საქართველოში. ცოტა ხნის წინ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ნინი ბადურაშვილის ცნობილ თურქ მსახიობთან, ემრე ქიზილირმაკთან ერთად ბათუმში გადაღებულ ფოტოს, რომლის კომენტარებიდანაც გაირკვა, რომ მომღერალი თურქ მსახიობთან ერთად მონაწილეობს ფილმში.
დეტალების გასაგებად ჩვენ დავუკავშირდით ემრეს. მან გვიამბო საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი და გაგვიზიარა თავისი შთაბეჭდილებები ჩვენი
ქვეყნის შესახებ. მსახიობმა ისიც კი გვითხრა, რომ ქართულის სწავლას აპირებს.
ემრე ქიზილირმაკი
- ჯერჯერობით „გამარჯობა“ ერთადერთი სიტყვაა, რომელიც ქართულად ვისწავლე.
აპირებ ქართული ენის სწავლას?
- დიახ, მინდა ვისწავლო ქართულად საუბარი.
მოგვიყევი შენზე, მართალია, რომ გარდა მსახიობობისა, კალათბურთით ხარ დაკავებული?
- მე ვიყავი კალათბურთელი, მაგრამ ახლა ეს უბრალოდ ჰობია ჩემთვის, კარგი ჰობი (იღიმის)... ვთამაშობდი ეროვნულ გუნდში სკოლაში სწავლის პერიოდში. შემდეგ კალათბურთი მუსიკამ ჩაანაცვლა ჩემს ცხოვრებაში. როკ-ჯგუფი მქონდა, მე ვმღეროდი და გიტარაზე ვუკრავდი. მას შემდეგ, რაც ჩემმა მუსიკალურმა ჯგუფმა შეწყვიტა არსებობა, როცა უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი, დავიწყე მოდელობა სტამბულში. მე მივიღე მონაწილეობა "საუკეთესო თურქი მოდელის" კონკურსში და მეორე ადგილი მომანიჭეს. შემდეგ მიმიწვიეს სამხრეთ კორეაში საერთაშორისო კონკურსზე და იქ 50 ქვეყანას შორის საუკეთესო მოდელად მაღიარეს. შემდეგ გადავწყვიტე, მიმეღო სამსახიობო განათლება და ჩავაბარე გამოცდა კადირ ჰასის უნივერსიტეტში.
რატომ შეწყვიტა თქვენმა როკ-ჯგუფმა არსებობა?
- ვხვდებოდით, რომ ვერ მივაღწევდით წარმატებას მუსიკის ინდუსტრიაში. ამიტომაც გადავწყვიტე, მომეძებნა სხვა გზა წარმატებული კარიერისთვის. 2009 წელს დაიწყო ჩემი პირველი სერიალი - "ask bir hayal", რომელშიც მთავარ როლს ვასრულებდი. ამ სერიალის 75 ეპიზოდს მოჰყვა "dedektif memoli"-ს 13 სერია. შემდეგ იყო: "kara para ask" - 55 სერია, "bir deniz hikayesi" - 9 სერია... ასევე მაქვს მთავარი როლი შესრულებული სრულმეტრაჟიან კინოფილმში "peri masali" და "ask masali". ახლა კი, ჩამოვედი საქართველოში, რომ გადავიღოთ ძალიან მნიშვნელოვანი ფილმი თურქეთისა და საქართველოს ნამდვილ ისტორიაზე. ერეკლე ბადურაშვილი ჩვენი დირექტორია, ნინი ბადურაშვილი კი - ჩემი პარტნიორი.
რა წარმოდგენა გქონდათ საქართველოზე, სანამ ჩამოხვიდოდით?
- ბევრი კარგი რამ მქონდა განაგონი საქართველოს შესახებ, განსაკუთრებით, ქართული კინოს წარმატების შესახებ... და როცა ბათუმში ჩამოვედი, შევხვდი ძალიან კეთილ ხალხს, ვნახე ულამაზესი ბუნება, ულამაზესი ქალაქი შავი ზღვის სანაპიროზე და საჭმელები... ქართული კერძები წარმოუდგენლად გემრიელია, მე შევხვდი ზურაბ წინწკილაძეს, ის ნამდვილი ხელოვანია.
რომელი ქართული კერძი მოგეწონა ყველაზე მეტად? აუცილებლად გასინჯავდი აჭარულ ხაჭაპურსა და ხინკალს...
- აჭარული ხაჭაპური უფრო მომეწონა, ვიდრე ხინკალი.
ქართულ ღვინოზე რას იტყვი?
- ძალიან მომეწონა ქართული ღვინო. საქართველოში ბევრი დავლიე (იცინის). თეთრი ღვინო საუკეთესოა. მსხლის ლიმონათიც ძალიან მომეწონა...
კერძებს ამზადებ?
- კი, ხანდახან... შესანიშნავი ომლეტის მომზადება შემიძლია.
როცა საქართველოდან წახვალ, ქართულ საჭმელებსაც მოამზადებ?
- აქამდე არ მიფიქრია, თუმცა მას შემდეგ, რაც მკითხე, დავიწყე ფიქრი ხაჭაპურის მომზადებაზე.
და ბოლოს, ქართველ ქალებზე რას იტყვი?
- ქართველი ქალები ლამაზები არიან. მე მათ აღვიქვამ უფრო თავისუფლად. ქართველ ქალებს თავისუფლება უყვართ...