ულვაში – სინდისის სიმბოლო

ულვაში – სინდისის სიმბოლო

მსახიობები ჩვეულებრივი ადამიანები არიან და სხვადასხვა კურიოზულ მდგომარეობაშიც ხშირად ვარდებიან. დღევანდელ წერილში პოპულარულ ქართველ მსახიობებზე და მათ თავს გადამხდარ, “კადრს მიღმა” დარჩენილ სახალისო სიტუაციებზე ვისაუბრებთ.

კინორეჟისორი გუგული მგელაძე იგონებდა:

“ერთი ჩემი მეგობარი ოპერატორისაგან მაქვს გაგონილი ეს ამბავი… ყმაწვილკაცობაში, ხევსურეთის რომელიღაც გადაკარგულ სოფელში ექსპედიციაში ყოფილან. ისტორიულ ფილმს იღებდნენ. გადაღების დასრულების შემდეგ ფილმის გრიმიორმა რიგრიგობით დაუარა მსახიობებს და დაწებებული ულვაშების წაძრობას შეუდგა. ერთი ხევსური უყურებს თურმე ამას გაშტერებული. ხედავს: ერთ კაცს წააძრო თეთრხალათიანმა კაცმა ულვაში, მეორეს, მესამეს…

შეშინებულმა ხევსურმა ჯერ ულვაშზე იტაცა ხელი, მერე კი ისეთი სისწრაფით მოჰკურცხლა გადაღების მოედნიდან, რომ თვალის დახამხამებაში გაუჩინარდა. ეს იყო ქართული კინოს გარიჟრაჟზე. იმხანად ულვაში ქართველი კაცის სინდისის სიმბოლოდ ითვლებოდა”.

ალბათ გახსოვთ ქართული მხატვრული ფილმი “არდადეგები”. ამ სურათის გადაღებიდან ბატონ მერაბ კოკოჩაშვილს ერთი ეპიზოდი სამუდამოდ დაამახსოვრდა.

“ფილმ “არდადეგებს” მანავში, ძველი ციხის ზემოთ, სასაფლაოზე ვიღებდით. მაგრამ რა ადგილიც გვჭირდებოდა, იქ ქვები არ იყო და ამიტომ ბუტაფორიული საფლავის ქვების დამზადება გადავწყვიტეთ. დავამზადეთ კიდეც და ყოველი გადაღების შემდეგ მე, გოგი გეგეჭკორი, რეზო ინანიშვილი და სხვები ამ “საფლავის ქვებს” ბეჭზე შემოვიდებდით და გალავანში შეგვქონდა.

ერთხელ ასე გამწკრივებულები მივდივართ, შევდივართ გალავანში, იქ სადაც ნამდვილი საფლავებია და ვხედავთ, ერთ ახალთახალ სამარესთან ქალი ზის და გულდათუთქული მოთქვამს: “დედი, დედი, რატომ წახვედი, ეს რა ქენი, რატომ მიგვატოვე, დედიი, დედიი”. ამ “საფლავის ქვებით” რომ მივადექით, მოიხედა და ერთბაშად გაქვავდა. მერე გადაირია, მაგრამ რა გადაირია - აღარც დედა ახსოვდა და აღარც თავი, ლამის შეიშალა.

ისე, ნაღდად ჯოჯოხეთის შეგრძნება კი იყო: აგერ მზე ჩადის, ბინდი მოიპარება და გალავანს რაღაცნაირი შუქი ეცემა. მერე მწკრივად, საფლავიანი კაცები, ქოფაკებთან ერთად, მოემართებიან.

ქალი ისე უკანმოუხედავად გარბოდა, ძლივს დავეწიეთ და, როგორც იქნა, დავამშვიდეთ”.

ქართული კინოს მოყვარულებს თენგიზ მაისურაძე ყველაზე უკეთ “უდიპლომო სასიძოში” შესრულებული შერეკილი ექიმი-ფსიქიატრის როლით უნდა დამახსოვრებოდა. ფილმის ძირითად ნაწილს მახარაძის რაიონის ერთ-ერთ სოფელში იღებდნენ. რეჟისორი ლევან ხოტივარი გახლდათ, ხოლო სცენას უბადლო ტექნიკოსი სუხოვი ანათებდა. დიპლომიანი ფსიქიატრი სოფელში ექიმად არის გაგზავნილი და ყველგან გიჟები ელანდება. სწორედ ამ დროს საწყალი ვარდენი “ჭკუიდან შეირყა” და მის საშველად თენგიზ მაისურაძის გმირს უხმეს.

ბატონი თენგიზი ამ ეპიზოდის გადაღებას მოგვიანებით ასე იხსენებდა:

“ხომ გაგიგიათ, გიჟს ისევ გიჟი თუ უშველისო. მიდის გადაღება მთელი სვლით. “მეტი სიგიჟე, მეტი სიგიჟე!” – გადმოგვძახის რეჟისორი. პირველი დუბლი დამიწუნეს. მეორეზე მეტი მოვინდომე, მაინც ჩავარდა. “მეტი გიჟი მინდა, მეტი გიჟი მინდა” – არ ცხრება ხოტივარი. – შენ გიჟი ხარ, გიჟი, უნდა დაიჯერო, თენგო, გიჟი ექიმი ხარ, გიჟი!!! – მაინც არ დამინდო ბოლოს.

მსახიობი რეჟისორს ვერასოდეს ჰკადრებს, გიჟი შენ თვითონ ხარო! მეც დავემორჩილე ბედს და “გავგიჟდი”. სუხოვმა განათება ჩართო. მე მთელი სისწრაფით ჩამოვრბივარ კიბეებზე. ძალიან მოვინდომე, ფეხი წამოვკარი და გასროლილი ქვასავით გავვარდი. დირეს მივენარცხე და მთელი გასანათებელი აპარატურა ძირს დავფინე, სუხოვის ჩათვლით. მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ზოგი ჭირი მართლაც მარგებელია. აპარატურის გარემონტებას მთელი კვირა დასჭირდა. ჩვენ კი ამ ხნის განმავლობაში მახარაძეში მწვადებსა და შამპანურს არ გვაკლებდნენ”.

1968 წელს კახი კავსაძეს ლენინგრადში იღებდნენ, ფილმში “უდაბნოს თეთრი მზე”. ბატონი კახი ყაჩაღ აბდულას ასახიერებდა, ჩვეული დამაჯერებლობით და ოსტატობით. წინა დღეს მსახიობს მეუღლემ დაურეკა თბილისიდან – მოვფრინავ და აეროპორტში დამხვდიო. რა თქმა უნდა, დროულად მივიდა დათქმულ ადგილზე, მაგრამ რეისი, რომელსაც ხვდებოდა, ჩაიშალა, და უკან შეწუხებული დაბრუნდა, რადგან მეორე დილით, ადრიანად, გადაღებებზე უნდა გამოცხადებულიყო.

იმ დღეს ერთობ პიკანტურ სცენას იღებდნენ: ჩვენი გმირი საყვარელთან ერთად საკმაოდ მოხერხებულ ლოგინში ნებივრობს, შილიფად ჩაცმული ქალი გულაღმა მწოლ აბდულას ყურძენს უმარცვლავს თლილი თითებით, და თითო-თითოს უდებს პირში.

ბატონი კახი მოგვიანებით იხსენებდა:

“დიდი ხნის წინათ მომხდარი ამბავი ახლა რა დასამალია, პირიქით სატრაბახოდაც კი გამომადგებოდა, მაგრამ შემიძლია დავიფიცო, რომ მე და ის მსახიობი ქალი შარვლებით ვიწექით ლოგინში. მხოლოდ წელს ზემოთ ვიყავი შიშველი, და კადრშიც მე უფრო ვჩანდი, ჩემს პარტნიორს კი მარტო მკერდი ჰქონდა მოშიშვლებული. მაინც ვიუხერხულე, ახლაც არ ვიცი, რატომ, და რეჟისორს ვთხოვე, ამ სცენის გადაღებას ნურავინ დაესწრება-მეთქი. მართლაც, ყველა გაისტუმრა, გადამღები ჯგუფის გარდა. დაიწყო დუბლი. გამალებული ვყლაპავ ყურძენს და, თვალი უნებლიეთ კარისკენ გამირბის, რომელიც მოულოდნელად გაიღო. ჩემი მეუღლე დგას და გამტკნარებული გვიყურებს.

- ვაიმე, როდის ჩამოფრინდი-მეთქი, - ვიყვირე ინსტიქტურად. გავაფუჭე სცენა და გავფუჭდი მეც. იმ დროს ფირები ძალიან ძვირი ჯდებოდა, და ახლა რეჟისორმა იტკიცა გაშლილი ხელი შუბლში: “რა ეშმაკობაა!!! რა საზიზღრობაა! ხომ გთხოვეთ, არავინ შემოუშვათ-მეთქი, - ეცა ასისტენტს. “ეს კავსაძის მეუღლეა”, - აიწურა ასისტენტი. “მით უმეტეს! ვინ შემოუშვა, ვინ?!!” – მთლად გადაირია რეჟისორი.

მადლობა ღმერთს, ჩემი მეუღლე დარწმუნდა, რომ შარვლით ვიწექით “საყვარლები”, და მაპატია. ასე “გადავურჩი” ცოლის რისხვას”.

მსახიობი ტრისტან სალარიძე “დიდ კინოს” ბავშვობის ასაკიდან ეზიარა.

“მეხუთე კლასში რომ ვსწავლობდი, ჩემს სოფელ ახალდაბასაც მოადგნენ კამერით ფილმის გადაღებისთვის. სურათი სამამულო ომის თემას ასახავდა. მთავარ როლებში გურამ ფირცხალავა და ლეილა აბაშიძე მონაწილეობდნენ. ომი დამთავრდა და ფეხმოჭრილი მებრძოლი დაუბრუნდა ოჯახს, სამშობლოს, რომელსაც მთელი სოფელი უნდა მიჰგებებოდა, დიდი და პატარა. მასწავლებელმა გაგვაფრთხილა, რომ მე და ჩემს კლასელებს ხვალ ფილმში გვიღებდნენ.

გული აღარ მეტეოდა საგულეს, ხომ წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს მსახიობობაზე მეოცნებე ბავშვისთვის ფილმის გადაღებაზე დაპატიჟება. თეთრად დამათენდა ღამე, დადგა საოცნებო წუთები, ჰონორარებიც ჩავიკეცეთ ჯიბეში და “პოპულარულებს” მწვანე კიტრივით მოგვქონდა თავი. წუთებს ვითვლიდით, როდის დამონტაჟდებოდა ფილმი და გამოვიდოდა კინოეკრანებზე, მაგრამ ჩვენი მხოლოდ ჩრდილები გადაუღიათ. არადა, ქვეყანა მქონდა შეყრილი, ტელევიზორები ჩართეთ-მეთქი, ფილმში გამოვდივარ! მაშინ გენახათ ჩემი საცოდავი ცრემლმორეული თვალები, როცა ვერ დავინახე ჩემი სახე. დავიქადნე, მაინც გადამიღებენ კინოში, ზოგ-ზოგიერთებს დავენიძლავე კიდეც. ღმერთმა ყველა ბავშვს ასე აუხდინოს დაჟინებული, ლამაზი სურვილი, როგორც მე ამიცხადდა”.

დღევანდელი წერილის დასასრულს კი ერთი პატარა სევდიანი მოგონება მინდა რომ გაგაცნოთ, რომელიც თავის დროზე ბატონ გურამ ლორთქიფანიძეს ეკუთვნოდა:

“სურათში “პირველი მერცხალი” ქალბატონმა ნანამ მიმიწვია. ოჰ, რომელი ერთი ჩამოვთვალო, ყველა არაჩვეულებრივი პიროვნებაა ამ ფილმში. ყველა მენატრება, ის დროც, როცა ამ ფილმს ვიღებდით. ქალბატონი ნანა იყო ყველაფრის სულისჩამდგმელი – რა ბიჭები მოიწვია – დოდო აბაშიძე, დიმა ჯაიანი, ვახტანგ ნადარაია, ანზორ ხერხაძე, თემურ თავაძე, ბატონი იპოლიტე, გოჩა მჭედლიძე, რომელი ერთი ჩამოვთვალო, შეიძლება ვინმე გამომრჩეს.

ესმერალდას როლს სომეხი ქალბატონი ლაურა ვართანიანი ასრულებდა. ბეირუთში ცხოვრობდა, რამდენადაც ვიცი, ერევანში მოკლეს – ლამაზი ქალი იყო, სამკაულებით სიარული უყვარდა. გაძარცვის მიზნით დაესხნენ თავს.

რამდენი წელია გასული ამ ფილმის გადაღებიდან, მიყვარს ამ სურათის ყურება, რა ბიჭები ვიყავით, აფსუს, რამხელა დრო გავიდა…”