საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი თემურ ბასილია, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს, მიმართვას აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ მიუხედავად აშშ-ის რამდენიმე შტატში ლეგალიზებისა, მარიხუანა ქვეყანაში კვლავ რჩება აკრძალულ ნივთიერებად. პირებს კი, ვინც აღიარებს, რომ წარსულში მოიხმარდა ან დაკავშირებულია მისი წარმოების ბიზნესთან, აშშ-ში შესვლა შესაძლოა, სამუდამოდ აეკრძალოთ.
როგორც ჩანს, საქართველოში არ იციან, რომ იმ პირებს ვინც მოიხმარენ მარიხუანას ან ჩართულნი არიან მისი წარმოების ბიზნესში (მათ შორის ლეგალურშიც კი), სიცოცხლის ბოლომდე შეიძლება აეკრძალოთ აშშ-ში შემოსვლა.
ეს ზოგადი კანონია, რომელიც ვრცელდება ყველაზე ქვეყანაზე, მათ შორის, საქართველოზე. ერთ-ერთ სტატიაში აღნიშნულია, რომ ისრაელის რამდენიმე მოქალაქეს, ვისაც ინვესტიციები აქვს გაკეთებული ამ ბიზნესში უკვე აეკრძალა აშშ-ში შემოსვლა.
თუ მოგზაური აღიარებს, რომ წარსულში გამოიყენებდა ნებისმიერ ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც აკრძალულია აშშ, როგორიც არის მაგალითად მარიხუანა, მას აეკრძალება აშშ-ში შემოსვლა… თუ, პიროვნება მუშაობს, ან ინვესტიციას აკეთებს ამ ინდუსტრიაში, ეს საკმარისი საფუძველია, რომ ამ პიროვნებას აეკრძალოს აშშ-ში შემოსვლა", - აცხადებს ბასილია.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის რამდენიმე შტატში მოხდა მარიხუანის დეკრიმინალიზაცია, ფედერალურ დონეზე მისი წარმოება, რეალიზება და მოხმარება კვლავ სისხლის სამართლის დანაშაულია.