ქართველ პოლიტიკურ ექსპერტთა უმრავლესობა პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის, რომელსაც მმართველი პარტია ოფიციალურად უჭერს მხარს, მისი ბოლოდროინდელი განცხადებებისათვის აკრიტიკებს. „რეზონანსთან“ საუბრისას ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ მას „ქარაფშუტა“ და „ზედაპირული არსება“ უწოდა.
ლაგაზიძის შეფასებით, ზურაბიშვილის ექსცენტრიული ხასიათი „ქართულ ოცნებასაც“ აწყობს და სწორედ ამით ხდება მისი განცხადებების გადაფარვა - „რომ არაუშავს, ასეთია და ვინ უსმენს...“
„ასეთი იმიჯის შექმნას ცდილობენ, რომ ეს არ არის ადამიანი, რომელსაც დიდად პასუხი შეიძლება მოეთხოვოს. ამ დროს კი მის უკან სრულიად გათვითცნობიერბული მესიჯები იმალება.
„ამ ქარაფშუტა, ზედაპირული არსების იმიჯის უკან, სრულიად ღია და გათვითცნობიერებული მესიჯები ჩანს. ეს არის კარგად ორკესტრირებული კამპანია. რასაც ამბობს, სალომე ზურაბიშვილი და შემდეგ რისი გაშლაც რუსულ მედიაში აქტიურად ხდება.
„ეს არის უპრეცედენტო მოვლენა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტობისთვის შემზადებული ადამიანი საკუთარ ქვეყანას ბრალს დებს, რომ საკუთარ ტერიტორიაზე ომი დაიწყო. ვერანაირი ახსნა და გამართლება ვერ ექნება იმ დროს პრეზიდენტი ვინ იყო“, - აცხადებს ლაგაზიძე „რეზონანსთან“ საუბრისას.