ყოველწლიური საერთაშორისო კამპანიის - „დავასუფთაოთ მსოფლიო“ ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ჩაერთო. გიორგი მარგველაშვილმა თბილისში, თბილისის ზღვის მიმდინარე ტერიტორიაზე გამართულ დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა.
კამპანიაში საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე უცხოელი სამხედროები და მოქალაქეები მონაწილეობდნენ.
„მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს ყველა მოქალაქეს იმიტომ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეს ტარდება ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქცია. მე მინდა მადლობა ვუთხრა ესტონელებს, რომლებმაც 10 წლის წინ დაიწყეს ეს ინიციატივა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მადლობა მინდა ვუთხრა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მიმართ ასეთი პატრიოტიზმით დღეს ჩვენთან ერთად ალაგებენ და ასუფთავებენ გარემოს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
2018 წლის კამპანიის ლოზუნგი „შევამციროთ პლასმასით დაბინძურება„ (Beat Plastic Pollution) არის.
„დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World) - ამ სახელწოდების ღონისძიება მსოფლიოს დაახლოებით 150-მდე ქვეყანაში 15-16 სექტემბერს იმართება. კამპანია 1992 წელს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაიწყო. ღონისძიების მიზანი გარემოს გაუმჯობესებაა.
კამპანიაში საქართველო 2010 წლიდან აქტიურად მონაწილეობს. ჩვენი ქვეყანა 121-ე იყო, რომელიც მსოფლიოს გარემოსდაცვით რუკაზე აღინიშნა.