ყველაზე ცნობილი ჩინელი მსახიობი სავარაუდოდ კომუნისტურმა პარტიამ „გააქრო“

ყველაზე ცნობილი ჩინელი მსახიობი სავარაუდოდ კომუნისტურმა პარტიამ „გააქრო“

ჩინელი მსახიობი, მოდელი, პროდიუსერი და მომღერალი, ფან ბინბინი სამი თვეა, არავის უნახავს. ბოლოს მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტიბეტში ბავშვთა საავადმყოფოს სტუმრობდა, თუმცა ივნისის დასაწყისიდან ბინბინი აღარავის უნახავს. ამის შესახებ CNN-ი წერს. 

6 სექტემბერს ჩინეთის სახელმწიფო მედიამ, Securities Daily-მ დაწერა, რომ ბინბინი „კონტროლს ექვემდებარება და მალე კანონიერ განაჩენს მიიღებს“, თუმცა ეს ინფორმაცია Securities Daily-მ მალევე წაშალა. 

ამის შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ჟურნალისტები აქტიურად წერენ იმაზე, რომ მსახიობი ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ „გააქრო“. 

ჩინეთში, როგორც სოციალისტურ სახელმწიფოში, ხშირად სდევნიან მაღალი შემოსავლის მქონე, ცნობილ ადამიანებს. 

მაგალითად, 2011 წელს ცნობილი ჩინელი მსახიობი, აი ვეივეი სამი თვით დააპატიმრეს. ამ ხნის განმავლობაში მისი ადგილმდებარეობა გაურკვეველი იყო. ის მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც დაწერა აღიარებითი ჩვენება, რომ ხელისუფლებას გადასახადებს უმალავდა. 

ჩინეთის მთავრობა ამ დრომდე არ ავრცელებს ოფიციალურ ინფორმაციას, ადანაშაულებენ თუ არა მსახიობს გადასახადების დამალვაში ან რაიმე სხვა კრიმინალურ ქმედებაში. 

„თუ თქვენ ხართ მილიარდერი, ამით შეგიძლიათ ისიამოვნოთ გარკვეულ საზღვრამდე, მაგრამ უნდა იყოთ ძალიან, ძალიან ფრთხილად, რომ არ გადაკვეთოთ წითელი ხაზი და არ აღმოჩნდეთ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელში“ - ამბობს ავსტრალიის სტრატეგიული ინსტიტუტის კიბერანალიტიკოსი, ფერგიუს რაიანი. 

ფან ბინბინმა პოპულარობა აღმოსავლეთ აზიაში 1998-1999 წლებში მოიპოვა, სერიალით „ჩემი სამართლიანი პრინცესა“. 2003 წელს მან ითამაშა ფილმში „მობილური ტელეფონი“, რომელიც გახდა ჩინეთში წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი. ფილმებით „დაკარგულნი პეკინში“ (2007), „ბუდას მთა“ (2011) და „მე არ ვარ მადამ ბოვარი“ (2016) მიიღო ჯილდო არაერთი პრესტიჟული დაჯილდოების ცერემონიაზე, - როგორიცაა ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალი, სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალი და აზიის ფილმების დაჯილდოება. ასევე მონაწილეობდა მრავალ უცხოენოვან ფილმში, როგორიცაა ფრანგული ფილმი „მონაკვეთი“ (2011), კორეული ფილმი „ჩემი გზა“ (2011) და „იქს-ადამიანები: მომავალი წარსულის დღეები“ (2014).

ფორბსის მიერ 2013 წელს იგი დასახელდა ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე მსახიობად ჩინეთში. იგი ასევე ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქალი მსახიობია მსოფლიოში.  

2015 წელს ის Time Magazine-მა ჩინეთის ყველაზე ცნობილ მსახიობ ქალად დაასახელა.