ამერიკის ენერგეტიკის მდივანი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს „მახრჩობელას“ უწოდებს

ამერიკის ენერგეტიკის მდივანი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს „მახრჩობელას“ უწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის მდივანმა რიკ პერიმ მკაცრად გააკრიტიკა რუსეთ-გერმანიის ახალი გაზსადენი - ნორდ სტრიმ 2. ის მოსკოვში რუს კოლეგას შეხვდა. ამის შესახებ "ამერიკის ხმა" წერს.

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრე ნოვაკთან შეხვედრისას რიკ პერიმ თქვა, რომ მილსადენი ახალი „მახრჩობელა“ იქნება. მან რუსეთის მხარეს მოუწოდა, შეწყვიტოს თავისი რესურსების გამოყენება გავლენის ბერკეტებად და არეულობის გამოწვევისთვის.

რიკ პერიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს წყაროების დივერსიფიცირებას, ევროპელების სურვილს, მინიმუმზე დაიყვანონ ერთ ენერგორესურსზე დამოკიდებულება. 

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა საპასუხოდ განაცხადა, რომ ენერგიის წყაროების ზეწოლისთვის გამოყენებას არც ის ემხრობა.

„ჩვენ გვაერთიანებს შეხედულება იმ საკითხზე, რომ ენერგიის წყაროები არ უნდა იყოს გამოყენებული ზეწოლისათვის და მომხმარებელს უნდა ჰქონდეს საშუალება აირჩიოს მომმარაგებელი“ - განაცხადა ალექსანდრე ნოვაკმა.

ბრიუსელში მიმდინარე სამიტზე ამერის შეერთებული შტატების ლიდერმა დონალდ ტრამპმა ბერლინი პროექტ "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის მხარადაჭერისთვის გააკრიტიკა. ტრამპმა განაცხადა, რომ  „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მეშვეობით გერმანია რუსეთის მძევალი გახდა და მის კონტროლქვეშ მოექცა.

ტრამპის თქმით, ძალიან უსამართლოა სიტუაცია, რის დროსაც აშშ რუსეთისგან დასაცავად ევროპისთვის დიდ თანხებს ხარჯავს, მაშინ როდესაც რეგიონის უმდიდრესი ქვეყანა გერმანია მხარს უჭერს რუსული გაზსადენების გაშენებას.

აშშ-ის გარდა, მილსადენის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან უკრაინა, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები.