მამა პეტრე კოლხი: სასულიერო პირი იძულებულია ან ღამის დარაჯად იმუშაოს, ან ტაქსის მძღოლობა შეითავსოს...

მამა პეტრე კოლხი: სასულიერო პირი იძულებულია ან ღამის დარაჯად იმუშაოს, ან ტაქსის მძღოლობა შეითავსოს...

„ქვეყანა, რომელიც მარიხუანას ექსპორტით ცდილობს ბიუჯეტი შეავსოს, ისედაც დაბოლილია...“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მამა პეტრე კოლხი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„ქვეყანა, რომელიც ამ ავადმყოფურ შეხედულებასაც ეკლესიის დისკრედიტაციისთვის იყენებს, ისედაც განწირულია... არ მაინტერესებს, კონკრეტული ადამიანების მოსაზრება, მთავარი შედეგია... ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო ეკლესიის ავტორიტეტი ისედაც განახევრდა... ვინც იმას გაიგებს, რომ გაყიდული ნარკოტიკის თანხა სახელწიფოს გავლით ეკლესიასაც მოხმარდება, ცეცხლსაც წაგვიკიდებენ... ოღონდ ვერ ვიქნებით ჯორდანო ბრუნოები....

ჩემი მოსაზრებაა, ეკლესია თავიდანვე არ უნდა წასულიყო ამხელა დათმობაზე... ნურც იმას იფიქრებს ვინმე, რომ სამღვდელოება ფუფუნებაში ცხოვრობს... ერთეულები შეიძლება კუნძულებს ყიდულობენ, მაგრამ მღვდლების უმრავლესობა, შეიძლება ითქვას სულს ღაფავს... ალბათ, ძალიან დაუჯერებელია, რომ ამას ვამბობ, მაგრამ კონკრეტული ფაქტებიდან გამომდინარე შემიძლია ვისაუბრო... არის შემთხვევები, რომ მრავალშვილიანობის გამო, ტაძრის შემოსავალი ოჯახს არ ყოფნის და სასულიერო პირი იძულებულია ან ღამის დარაჯად იმუშაოს, ან რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ტაქსის მძღოლობა შეითავსოს... რეალობა ეს არის, სინამდვილეში ამ გარემოში ვცხოვრობთ... თუ ისინი არ ყვირიან, იმიტომ კი არა, რომ ვინმეზე ნაკლებად ემსახურებიან უფალს, უბრალოდ, ,,ყვირილსაც" თავისებური ძალა უნდა...

ნურავინ ჩადგამს ფეხს ცოდვაში და ყველას ერთ ქვაბში ნუ მოხარშავს... სინამდვილე ბევრად უფრო მძიმეა... მღვდელი, რომელიც ადამიანებზე, ერზე, ეკლესიაზე ლოცულობს, პურის ფული მაინც უნდა ჰქონდეს... ვიღაც იტყვის, მრევლმა არჩინოსო... ამის საპირწონედ მეორე მხარე ამბობს, რა ვალდებულია მრევლი, მღვდელი არჩინოსო...

მე კი ვფიქრობ, არავინ არავისზე არ ზრუნავს, ყველას საკუთარი ჯიბის გასქელება სურს...

მე არ მჭირდება ნარკოტიკებიდან შემოსული ფული, ეს შხამია და შვილებს ვერ ვაჭმევ... თუმცა, ამასაც არავინ გთავაზობს...“ - წერს მამა პეტრე კოლხი.