„ბალახის“ ეკონომიკა. რა რეგულაციები მოქმედებს მსოფლიოში კანაფის მოხმარებაზე

„ბალახის“ ეკონომიკა. რა რეგულაციები მოქმედებს მსოფლიოში კანაფის მოხმარებაზე

ბოლო წლებში კანაფის ლეგალიზების პროცესი მსოფლიოში შეუქცევად ტენდენციად იქცა. მარიხუანასთან დაკავშირებული კანონმდებლობა შეარბილეს გერმანიამ, ჩილემ, პერუმ, იტალიამ, პოლონეთმა და ჩეხეთმა.

დღეისთვის კანაფი ლეგალურია აშშ-ის 9 შტატსა და კოლუმბიის ოლქში. 2018 წლის იანვრიდან კანაფი ლეგალიზებულია ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ კალიფორნიის შტატში. კიდევ ორ ათეულ რეგიონში მარიხუანა დაშვებულია მხოლოდ სამედიცინო მოხმარებისათვის. მიუხედავად ამისა, აშშ-ში მარიხუანა ფედერალურ დონეზე აკრძალულია, და ფედერალურ დონეზე კანაფით ვაჭრობა ჰეროინის გასაღებასთანაა გათანაბრებული.

კანადაში სამედიცინო მიზნით მარიხუანის მოხმარება 2001 წლიდან ლეგალურია, თუმცა 
ნაციონალურ დონეზე იქ კანაფი ლეგალიზებულია 2018 წლის ივნისიდან. კანადა „დიდი შვიდიანის“ ქვეყნებიდან პირველია, რომელმაც კანაფის შენახვა, მოხმარება და რეალიზება კანონით დაუშვა.

ბალახის ეკონომიკა

კანაფის ლეგალიზების შეუქცევადი ტენდენციის გამო, სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ „ბალახით“ გლობალური ვაჭრობა მხოლოდ დროის საკითხია. ლეგალური კანაფის მსოფლიო ბაზარი 2017 წლის ბოლოსთვის 7,7 მილიარდ დოლარად ფასებოდა გაზრდის პერსპექტივით: ბაზრის მოცულობა ყოველწლიურად 60%-ით გაიზრდება და 2021 წლისთვის 31,4 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

2017 წლის ბოლოს კანაფის ლეგალური გაყიდვების ბაზარზე უდავო ლიდერი (90%) ამერიკის შეერთებული შტატები იყო. ამას ხელი შეუწყო ქვეყნის შიგნით კანაფის სწრაფი ლეგალიზების პროცესმა და შედეგად გასაღების უზარმაზარმა ბაზარმა. მაგრამ იმის გამო, რომ ფედერალურ დონეზე მარიხუანა აკრძალულია, ხოლო საბაჟო და სასაზღვრო რეჟიმი ფედერალურ კანონებს ემორჩილება, აშშ-ის საზღვრის გავლით მარიხუანის იმპორტი და ექსპორტი არ შეიძლება. შესაბამისად, ამერიკელი მეწარმეები საერთაშორისო ბაზრისგან მოწყვეტილები არიან და გლობალურ ბიზნესში ვერ ერთვებიან.

Brightfield Group-ის შეფასებით, რომელიც მარიხუანის ბაზრის სფეროს სწავლობს, ამერიკელი მწარმოებლების მიერ უცხოეთში პოტენციური კლიენტების დაკარგვა იმით დასრულდება, რომ 3 წლის შემდეგ აშშ-ის წილი კანაფის მსოფლიო გაყიდვებში სამჯერ, 57%-მდე შემცირდება და ამ ქვეყნის წილს მისი ახლო მეზობლები აითვისებენ. მაგალითად, კანადა, რომელიც ამერიკული კანონმდებლობის „ხარვეზებით“ სარგებლობს და აცხადებს, რომ მსოფლიოში ლეგალური კანაფის ლიდერი მიმწოდებელი გახდება. კანადელები ითვისებენ ბაზრებს ევროპაში, ლათინურ ამერიკაში, აფრიკასა და წყნარი ოკეანის რეგიონში.

ამასთან ახლად გახსნილმა ბაზრებმა ჯერ ვერ შეძლეს კანაფის საკუთარი წარმოების ორგანიზება. კანადელი მწარმობლები სხვა ქვეყნებში ხსნიან საწარმოებს და ადგილობრივ კომპანიებთან პლანტაციების მშნებელობისთვის ერთიანდებიან. კანაფის საწარმოების გახსნა იგეგმება პორტუგალიაში, დანიასა და ავსტრალიაში.

ლიცენზირებული კანადელი მეწარმეების მდგომარეობას და მათდამი ინვესტორების დიდ დაინტერესებას მოჰყვა ის, რომ ლეგალური ნარკოტიკის სფეროში კანადური კომპანიების აქციები რეკორდულად გაიზარდა. თუმცა სპეციალისტები ამას მაინც დროებით მოვლენად მიიჩნევენ და კანადური კომპანიების ინვესტორებს იმედგაცრუებას უწინასწარმეტყველებენ. ამის მიზეზად ისინი კანადურ კლიმატს და სრულმასშტაბიანი წარმოებისთვის არასაკმარის რესურსს ასახელებენ.

ანალიტიკოსები კანაფის გლობალური დეკრიმინალიზების ფონზე ლეგალური მარიხუანის წარმოების მომავალ ლიდერებად არა აშშ-ს და კანადას, არამედ ისეთ ქვეყნებს ასახელებენ, სადაც ამისთვის უფრო შესაფერისი კლიმატია და შესაბამისად „ბალახიც“ იაფი ეღირება, მაგალითად კოლუმბიას. 2015 წელს აკრძალვის გაუქმების შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლებამ კანაფის წარმოების განვითარება დაიწყო და განაცხადა, რომ დასავლეთ ნახევარსფეროში ლეგალური კანაფის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი გახდება. ასეთ შემთხვევაში კი აშშ და კანადა გასაღების ბაზრებად გადაიქცევიან.