ეს ის პროექტია, რომელსაც ყოველ წელს განსაკუთრებული ინტერესით ელოდება „იმედის“ მაყურებელი. საზოგადოებას ყველაზე მეტად მონაწილეთა ვინაობა აინტერესებთ ხოლმე და რაც უფრო შეუფერებელია მონაწილე ცეკვისთვის (ასაკის, წონის ან უბრალოდ ვიზუალის გამო), მით უფრო დიდია ინტერესი შოუს ნახვისა.
როგორც ყველა სეზონის დასაწყისში ამჯერადაც პროექტის მონაწილეთა ვინაობა მკაცრად გასაიდუმლოვებულია. გუშინ „პრაიმტაიმი“ გიყვებოდათ რამდენიმე მონაწილის შესახებ, რომელთა ვინაობაც ექსკლუზიურად შევიტყვეთ. დღეს კიდევ ორი მონაწილე დაემატა ამ სიას. სანდო წყარომ გვაუწყა, რომ საქართველოში ერთ-ერთ პოპულარულ შოუში ლალი მოროშკინა და ირაკლი კაკაბაძეც იცეკვებენ.
ლალი მაროშკინამ ჩვენთან კომენტარის დროს ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.
მაშ ასე, სია რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ ასე გამოიყურება: თამთა შედანია, ნინი შერმადინი, ნინო ჩხეიძე, დავით გომართელი, რატი დურგლიშვილი, ირაკლი კაკაბაძე, ლალი მოროშკინა. დაემატება თუ არა ვინმე ამ სიას და როგორი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი წლევანდელი „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიური, ჯერ-ჯერობით უცნობია.