თბილისის საქალაქო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“წევრს ნიკა მელიას 3 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა. უფრო კონკრეტულად, სასამართლოს გადაწყვეტილებით მელიას მიერ 11 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განხორციელებული ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად შეფასდა.
გადაწყვეტილებამ ნიკა მელიას უკმაყოფილება გამოიწვია და მან მოსამართლე ლაშა თავართქილაძეს „მონა“ უწოდა. მელიას თქმით, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
სხდომაზე საპატრულო პოლიციის ის თანამშრომელი დაიკითხა, რომელმაც მელია რუსთაველის გამზირზე დააკავა. პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მოწმე გაგა ბზიკაძეს ნიკა მელია სიტყვიერად რამდენჯერმე დაუპირისპირდა.
“გარკვეული პერიოდი საქართველოში არ ვიმყოფებოდი და როდესაც ჩამოვედი, დავუკავშირდი ნიკა მელიას. თავიდან არ მიპასუხა, სმს-ის გაგზავნის შემდეგ მიპასუხა და მითხრა, იურისტთან გავივლი კონსულტაციასო. დაახლოებით 15 წუთში გადმომირეკა და დამიწყო ყვირილი, თითქოს კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანი მელაპარაკებოდა, ისე დაიწყო საუბარი. მე მოვუწოდე, რომ კორექტულად ესაუბრა და ვკითხე, მოვიდოდა თუ არა ადმინისტრაციული ოქმის გასაცნობად, რაზეც მიპასუხა, რომ არსადაც არ მოვიდოდა”, – მგანაცხადა მოწმემ.
ნიკა მელია საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 11 ივნისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დააკავეს. ნიკა მელიას პოლიცია კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება. დაკავების შემდეგ მელია ხელწერილით გაათავისუფლეს, მისი საქმის სასამართლო განხილვა კი სექტემბერში დაიწყო.