ჯიმი პეიჯი კვლავ სცენაზეა

ჯიმი პეიჯი კვლავ სცენაზეა

ორი დღის წინ, 13 ივლისს, ლონდონის Shepherds Bush Empire-ს მოედანზე “Led Zeppelin”-ის სახელგანთქმულმა გიტარისტმა ჯიმი პეიჯმა და როკ ჯგუფმა “The Black Crowes”-მა ერთობლივი კონცერტი ჩაატარა.

 

საკონცერტო პროგრამაში შედიოდა “Led Zeppelin”-ის, “The Black Crowes”-ისა და ჯიმი პეიჯის სოლო კომპოზიციები.

 

ჯიმი პეიჯი და ეს ჯგუფი ადრეც გამოდიოდნენ ერთად. 1999წლის ოქტომბერში, ზედიზედ ორი საღამოს განმავლობაში მათ კონცერტები გამართეს ლოს-ანჯელესის Greek Theatre-ს მოედანზე. ამ თანამშრომლობის შედეგად დაიბადა ორდისკიანი ალბომი “Live at the Greek: Excess All Areas”.

 

ამერიკული ჯგუფი “The Black Crowes” 1984 წელს ჩამოყალიბდა ქალაქ ატლანტაში. მისი ძირითადი მუსიკალური მიმდინარეობა წინა საუკუნის 70-იანი წლების ბლიუზ-როკი იყო. კარიერის განმავლობაში გაყიდული აქვს 20 მილიონ ალბომზე მეტი.

 

ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: ძმები კრის და რიჩ რობინსონები, სტივ გორმანი, ადამ მაკ დუგალი, სვენ პიპიენი და ლუთერ დიკინსონი.

 

პირველი სტუდიური ჩანაწერი “Shake Your Money Maker” 1990 წელს გამოუშვეს. სულ ჩაწერილი აქვთ 14 ალბომი. ამათგან ბოლო “Croweology” 2010 წლით არის დათარიღებული.