სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა კახური ღორის პირველი ქართული ჰამონი დაამზადა. ცენტრის ცნობით, აქტიურად გრძელდება კახური ღორის პოპულაციის აღდგენისა და გამრავლების პროექტი, რომელიც ესპანურ კომპანიასთან „დერაზა იბერიკო“, ურთიერთთანმშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს.
პროექტის მიზანია საქართველოში კახური ღორის აღდგენა-მოშენების ხელშეწყობა, მომთაბარე მეღორეობის აღორძინება და ღორის მოშენების ინტენსიურ სისტემებზე გადასვლა, ტყის ნაყოფების რეზერვების გამოყენება და მაღალხარისხიანი ხორცის წარმოება, რისგანაც მსოფლიოში ცნობილი ბრენდი „ჰამონი“ დამზადდება.
პროექტი საპარტნიორო ფონდის მიერ არის თანადაფინანსებული, რომელიც ნაყოფისმომცემი ტყეების რეგიონებში, 1200 ნეზვზე გათვლილ 9 ფერმას ააშენებს. პირველი ფერმის მშენებლობა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში უკვე დასრულების პროცესშია.
კახური ღორი კავკასიური გარეული ღორის პირდაპირი მოშინაურების შედეგად მიღებული ჯიშია, რომელიც საუკეთესოდ არის შეგუებული მომთაბარე მეღორეობის პირობებს და მცირე დანახარჯებით იძლევა საუკეთესო ხარისხის ხორცს და ხორცპოდუქტებს. საქართველოს რეგიონებში არსებული ნაყოფისმომცემი ტყის მასივების რაციონალურად გამოყენება კახური ღორის საშუალო ფერმერული და საოჯახო მეურნეობების კარგად განვითარების შესაძლებლობას იძლევა.