სომხებისა და აზერბაიჯანელების მასშტაბური ჩხუბი მოსკოვში. დაკავებულთა შორის 1 საქართველოს მოქალაქეა

სომხებისა და აზერბაიჯანელების მასშტაბური ჩხუბი მოსკოვში. დაკავებულთა შორის 1 საქართველოს მოქალაქეა

მოსკოვის ერთ-ერთ ცენტრალურ უბან ბირულოვოში 27 აგვისტოს საღამოს საათებში აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის მასშტაბური დაპირისპირება მოხდა, რომლის შედეგადაც ადგილზე მისულმა პოლიციამ 18 ადამიანი დააკავა.

რუს სამართალდამცავებს დაპატიმრებულების ვინაობა ჯერჯერობით არ დაუსახელებიათ, მაგრამ ცნობილია, რომ მათ შორის  ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა. გარდა ამისა, პოლიციელებმა დააკავეს ჩხუბში მონაწილე ჩეჩნეთის 2 მკვიდრი, აზერბაიჯანის 8 მოქალაქე და სომხეთის 7 მოქალაქე.

ასევე ცნობილია, რომ ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქუჩაში ერთმანეთს ორი მანქანა დაეჯახა. მანქანებში მსხდომთა დაპირისპირება გარკვეული პერიოდის განმავლობაში მასშტაბურ ჩხუბში გადაიზარდა. 

ჩხუბის მონაწილეთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ადგილზე მისულმა პოლიციამ 18 ადამიანი დააკავა. 

თვითმხილველების თქმით, ჩხუბის დროს რამდენიმე გასროლის ხმაც ისმოდა. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ამოიღო ტრავმატული იარაღის 13 გილზა, 2 დანა, არმატურის ნატეხი და ჩაქუჩი, რომელსაც სავარაუდოდ სისხლის კვალი ემჩნეოდა. 

იქამდე  შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის დეპარტამენტის სამმართველოს პრესამსახურში განაცხადეს, რომ დაპირისპირების შედეგად 3 ადამიანი დაიჭრა.

დაჭრილთაგან ერთ-ერთს აქვს თავის ქალის დახურული ტრავმა და ცხვირის მოტეხილობა;  მეორეს ასევე თავის ქალის დახურული ტრავმა აღენიშნა, გარდა ამისა, ის მუცელში იყო დაჭრილი ბასრი საგნით და ჭრილობა ჰქონდა იდაყვზე. რაც შეეხება მესამე დაზარალებულს, მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა და  კიდურების ღრმა ჭრილობები ჰქონდა. სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.