სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ კიკიბოში, სკოლის შენობის ფუნქციას რკინის ვაგონი ასრულებს, ისიც – ავარიული და დაჟანგული. რამდენიმე კვადრატულ მეტრ “საგანმანათლებლო დაწესებულებაში” ერთი მოსწავლე სწავლობს, სკოლას ერთი პედაგოგი ჰყავს და, როგორც წესი და რიგია, დირექტორიც. იგი ამბობს, რომ წლების წინ ამ ვაგონში სხვადასხვა კლასში რვა მოსწავლე სწავლობდა, მაგრამ სოფელში უწყვეტი მიგრაცია მიმდინარეობს და სკოლას ერთადერთი ბავშვი, მესამეკლასელი რამინ გობაძე შემორჩა.
ულამაზესი, მწვანეში ჩაფლული სოფელი კიკიბო ზღვის დონიდან 1520 მეტრის სიმაღლეზეა. სოფლამდე რომ მიხვიდეთ, შუაგულ ტყეში სახიფათო და დამეწყრილი გზა უნდა გაიაროთ. იქ სულ რვა ოჯახი ცხოვრობს.
"სკოლის შენობა ავარიულია და მის ადგილზე ვაგონი დადგეს. ჰოდა, ამ ვაგონში მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროცესი. ზამთარში სითბო არის, შეშის ღუმელი გვაქვს, პატარა ოთახია და მალე თბება, თუმცა არ გვაქვს შუქი, სამწუხაროდ, ამ ვაგონს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
მუდმივად საუბრობდნენ იმაზე, რომ სოფელში სკოლა აშენდებოდა, მაგრამ ამ დრომდე არ არის. ამის შესახებ ყველამ იცის. ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ სკოლის საერთოდ გაუქმებას სჯობს, ასეთი ვაგონი იყოს, ადგილობრივებსაც ეს ურჩევნიათ გაუქმებას. ერთი პედაგოგი გვყავს, მესამეკლასელ ბავშვს მეტი რაში სჭირდება, ის ასწავლის ყველაფერს", - აცხადებს "სარკესთას" საუბრისას სკოლის დირექტორი მერაბ ბერიძე.