"მედია ფაქტობრივად დასაფლავებულია, თუნდაც იმ სიტუაციასთან შედარებით,რაც ხუთი წლის წინ იყო, რადგან თითოეული ჩვენთაგანი, ვინც მედიაში მუშაობს, ახალ ამბებს მედიით კი არ იგებს, არამედ "ფეისბუქით," - ამბობს "რეზონანსთან" ინტერნეტტელევიზია "პოსტს ტივის" ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი.
მისი თქმით, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მართალია ამერიკულ ლიბერალურ მედიასთან დაპირისპირებისას, "რომელიც ცრუ ნიუსებს ავრცელებს და ამის გამო ტრამპი კონკრეტულ ტყუილებში ამხელს მედიას. ამბობს, რომ ის ასრულებს ოპოზიციური პარტიის ფუნქციას და ეს არის ცუდი ქვეყნისთვის, რაშიც სავსებით ვეთანხმები."
რამიშვილი ქართულ მედიასთან ავლებს პარალელს:
"მკაფიო პარალელი ქართულ მედიაშიც შეიმჩნევა, უბრალოდ ჩვენთან უფრო მძაფრად და გოიმურადაც კი არის ყველაფერი, რადგან ჩვენთან არამცთუ ლიბერალური წრეების მედია მძლავრობს, არამედ აქ არის ერთი კონკრეტული კაცის ტელევიზია, რომელიც არის "რუსთავი 2." იგი ტყუის და ახმოვანებს ერთი კონკრეტული კაცის ტყუილებსა და მუშაობს იმაზე, რომ ქვეყანაში შედგეს რევანში; რევოლუციურად აბრუნებს მიხეილ სააკაშვილს. ეს ტელეარხი ბევრ კონკრეტულ ტყუილში იქნა მხილებული, თუნდაც ჩემს მიერ.
"ამის გარდა, არსებობენ ე.წ. ლიბერალური და დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ გოიმური კომპლექსი, რომ ხელისუფლებაზე არ შეიძლება კარგის ლაპარაკი, თუნდაც ეს ხელისუფლება კარგს აკეთებდეს.
"თუ ხელისუფლების წინააღმდეგ არის ბრალდება, ძალიან ბევრიც არ უნდა შეიწუხო თავი ამ ბრალდების კარგი ანალიზისთვის და პირდაპირ უნდა გაატარო ეს ამბავი," - ამბობს რამიშვილი.