ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის გამოსავლენად ეროვნულმა კინოცენტრმა სპეციალური კომისია შექმნა. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
კომისია 9 წევრისგან შედგება:
1. დიმიტრი მამულია - კინორეჟისორი;
2. გივი-ბესიკ ოდიშარია - სცენარისტი;
3. ლომერ ახვლედიანი - ოპერატორი;
4. ია შუღლიაშვილი - მსახიობი;
5. კახა კანდელაკი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი;
6. ზურაბ მაღალაშვილი - ეროვნული კინოცენტრის დირექტორი;
7. კოტე ჯანდიერი - სცენარისტი;
8. ნინო მხეიძე - კინომცოდნე;
9. ლევან კიტია - კინორეჟისორი.
რამდენიმე კვირის წინ ამერიკის კინოაკადემიამ ტრადიციულად თხოვნით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს შეერჩია 2018 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან ოსკარის ნომინაციისთვის - საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.
24 ივლისს ეროვნულმა კინოცენტრმა განაცხადების მიღება დაიწყო, რომელიც 3 აგვისტოს დასრულდა. ამერიკის კინოაკადემიისა და ეროვნული კინოცენტრის მოთხოვნების გათვალისწინებით, სულ შემოვიდა 6 განაცხადი. შესაბამისად, ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს 6 ქართული ფილმი იბრძოლებს:
„ხიბულა" - რეჟისორი გიორგი ოვაშვილი;
„ნამე" - რეჟისორი ზაზა ხალვაში;
„ჰორიზონტი" - რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი;
„დედე" - რეჟისორი მარიამ ხაჭვანი;
„ექვთიმე ღვთისკაცი" - რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე;
„ჰამლეტი" - რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი.
კომისიის წევრებისთვის შერჩეული ფილმების დახურული ჩვენებები 30 და 31 აგვისტოს გაიმართება, 31 აგვისტოს კი ფარული კენჭისყრის საფუძველზე გამარჯვებული ფილმი გამოვლინდება, რომელიც წელს საქართველოს კანდიდატი ფილმი გახდება ოსკარზე.