"თვითმკვლელთა უმეტესობა ეკლესიური იყო...რა ხდება მაშინ?! მოძღვრები ჟანდარმები არა, სულიერი მამები უნდა იყვნენ" - პეტრე კოლხი

ბოლოს დროს გახშირებულ თვითმკვლელობებს ეხმაურება ფეისბუქის გვერდზე დეკანოზი პეტრე კოლხი.

"ბოლო მონაცემების მიხედვით, თვითმკვლელთა უმეტესობა ეკლესიური იყო... ისინი აღსარებას ამბობდნენ, მარხულობდნენ, ლოცულობდნენ, ეზიარებოდნენ... სტიქაროსნებიც იყვნენ, მგალობლებიც... ერთი შეხედვით, სულიერი პრობლემები არ უნდა ჰქონოდათ, რადგან გარეგნულად ყველა დოგმას იცავდნენ, ან ცდილობდნენ დაეცვათ... 

რა ხდება მაშინ?! ხდება ის, რომ გარეგნული ეკლესიურობა, საკმევლის კმევა და წვერების მოშვება მარტო არ არის გამოსავალი... ცდება ორივე მხარე, ვინც აღსარებას ამბობს, მაგრამ გულწრფელი არ არის და ისიც, ვინც აღსარებას ისმენს, მაგრამ ვითომ სიმკაცრით მასთან მისულს სინამდვილეში არ აძლევს იმის უფლებას, რომ ბოლომდე გაიხნას... 

დიახ, უამრავი წერილი მომდის, სადაც გამოსავლის ძიებაში არიან... საკუთარ მოძღვრებთან ვერ იხსნებიან, შიშის, აგრესიის, მოსალოდნელი შეურაცხყოფის გამო... მხოლოდ იმას ყვებიან, რაც რაც ძალიან ზედაპირულია, მთავარ საკითხს სულის ფსკერზე ინახავენ, ასამარებენ. საბოლოოდ ვეღარ უძლებენ და თვითმკვლელობამდე მიდიან...

რატომ უნდა არსებობდეს ამხელა შინაგანი ნაპრალი და სასულიერო პირების მიმართ არაბუნებრივი შიში... 

ჩვენ არ გვიყვარს გახსნილი საუბარი. პრობლემას გავურბივართ... სათქმელი რატომ იმალება?! იმიტომ, რომ გეშინია ზედმეტად არ გაგიბრაზდნენ, არ განრისხდნენ... ცოტაც ჩვენს თავს დავაბრალოთ... მოძღვრები ჟანდარმები არა, სულიერი მამები, თბილები და მოსიყვარულეები უნდა იყვნენ... მერე კი, არავის გაუჭირდება ყველაფერზე საუბარი... იმაზეც, რასაც საკუთარ თავს უმალავენ... 
სხვანაირად რა აზრი აქვს ან სტიქარს, ან გალობას... შინაგანი ბრძოლებია მთავარი...." - წერს პეტრე კოლხი.