მე-19 საუკუნიდან ევროპელებმა ჩინეთიდან ხელოვნების მილიონობით ნიმუში მოიპარეს. ახლა მათ ევროპის მუზეუმებიდან იპარავენ - და სავარაუდოდ ჩინელები, - წერს ჟურნალი GQ.
მე-19 საუკუნეში ევროპელებმა გაძარცვეს იმპერატორის ზაფხული სასახლე პეკინში, რასაც ჩინელები თავის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დამამცირებელ მოვლენად მიიჩნევენ. ჩინეთის მთავრობის შეფასებით 1840 წლის შემდეგ ქვეყნიდან გაიტანეს ხელოვნების დაახლოებით 10 მილიონი ნიმუში და ანტიკვარული საგნები; მათი უმრავლესობა ეგრეთ წოდებული „დამცირების ასწლეულის“ (1840-1949 წლები) პერიოდში მოიპარეს, როდესაც ჩინეთის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნების არმიები იჭრებოდნენ.
ხელოვნების ყველაზე ღირებული საგნები პეკინის ზაფხულის სასახლის ძარცვის შემდეგ გაიტანეს. ეს სასახლე იმპერატორების რეზიდენცია იყო. 1860 წელს ის ბრიტანულმა და ფრანგულმა არმიებმა დაიპყრეს, რომლებიც პეკინში ოპიუმის მეორე ომის დროს შეიჭრნენ. სასახლიდან მოპარული ნივთების უმრავლესობა ევროპაში გაიტანეს. მათი ნაწილი კერძო კოლექციებში მოხვდა, ნაწილი კი მონარქებს ომის ნადავლის სახით ერგო.
ჩინელებმა ძველი საზაფხულო სასახლე აღარ აღადგინეს და დატოვეს ნანგრევებად, როგორც ნაციონალური დამცირების სიმბოლო. არანაკლებ დამამცირებლად მიაჩნიათ ჩინეთში, რომ სასახლის ხელოვნების ნიმუშები ევროპულ მუზუმებში იფინება. „ვიცი, რომ ჩემი ცხოვრების განმავლობაში ყველაფერს ვერ დავიბრუნებთ, მაგრამ არ დავნებდებით და მნიშვნელობა არ აქვს ამისთვის რა ძალისხმევა დაგვჭირდება“, - ამბობს ჩინელი მკვლევარი ლიუ იანი.
ბოლო წლებში ევროპული მუზუმები რამდენჯერმე გაძარცვეს და ქურდებმა მხოლოდ ჩინური ხელოვნების ნიმუშები წაიღეს. 2010 წელს, მძარცველების ჯგუფმა ყურადღების გადატანის მიზნით სტოკჰოლმში რამდენიმე მანქანა დაწვა და დროტნინგჰოლმის სამეფო სასახლის მუზუმის ჩინური პავილიონი გაძარცვა. მალევე გაძარცვეს რამდენიმე სხვა ევროპული მუზუმიც, მათ შორის ბრიტანეთის დარემის და კემბრიჯის უნივერსიტეტებში, ფონტებლოს მუზუმი საფრანგეთში და ნორვეგიის მუზუმი KODE; ეს უკანასკნელი სამი წლის ინტერვალით ორჯერ გაძარცვეს და იქიდან მთლიანობაში 78 ექსპონატი მოიპარეს.
ყველა შემთხვევის დროს მოპარულია ჩინური ხელოვნების ნიმუშევბი და ანტიკვარი და დიდწილად ის ნივთები, რომლებიც ჩინეთიდან ევოპულმა არმიებმა გაიტანეს. მოპარული ექსპონატების უმრავლესობას დღემდე ვერ მიაგნეს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცნობილია და კარგად აღრიცხულიცაა, რაც შავ ბაზარზე მათ გაყიდვას გაართულებდა.
ძარცვის შემკვეთების ვინაობა უცნობია. ერთადერთი კვალი რასაც ნორვეგიის პოლიციამ მიაგნო ის არის, რომ KODE-ს პირველი ძარცვისას მოპარული ექსპონატი შანხაის აეროპორტში გამოფინეს. მაგრამ ნორვეგიის ხელისუფლებამ ამ მხრივ ზომები აღარ მიიღო, არ ისურვა რა ჩინეთთან ურთიერთობის გაფუჭება.
KODE-ის მეორე გაძარცვის დროს, ჩინელმა მილიარდერმა ჰუან ნუბომ მუზეუმს 1,6 მილიონი დოლარი შესწირა - მისი თქმით, უსაფრთხოების სისტემის განახლებისათვის. მალე KODE-მა პეკინის უნივერსიტეტს ძველი საზაფხულო სასახლის 7 მარმარილოს სვეტი გადასცა. ნუბო უარყოფს შეწირულობასა და ნივთების დაბრუნებას შორის კავშირს; ამასთან მან ჩინურ გაზეთ China Daily-ს განუცხადა, რომ ევროპაში სვეტების დემონსტრირება „[ქვეყნისთვის] სამარცხვინო იყო“.
ჩინელ ბიზნესმენებს შორის ევროპელების მოპარული საგანძურის სამშობლოში დაბრუნება მოდურია. ისინი მზად არიან ამ ნივთებში მილიონობით დოლარი გადაიხადონ. ჰუან ნუბო ამ მხრივ ერთადერთი არ არის. თუ 2000 წელს ჩინეთზე მსოფლიო არტ-ბაზრის 1% მოდიოდა, 2014 წელს ეს წილი 27%-მდე გაიზარდა; ამასთან ჩინელი კოლექციონერები დაინტერესებულები არიან ნაციონალური ხელოვნების არა მხოლოდ გამორჩეული ნიმუშებით.
2010 წელს ლონდონის აუქციონზე ჩინური ლარნაკის ფასმა, რომლის სასტარტო ღირებულება 800 ათასი დოლარი იყო, ნახევარ საათში 69,5 მილიონს მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ ლოტის წარმოშობა საეჭვო იყო. ლარნაკი სავარაუდოდ, ჩინელმა ბიზნესმენმა იყიდა, რომლის ვინაობაც სადუმლოდ დარჩა.
ჩინური კონგლომერატის China Poly Group-ის სააუქციონო სახლის ხელმძღვანელის თქმით, „ქვეყნიდან გატანილი ხელოვნების ნიმუშების სამშობლოში დაბრუნება ელიტაში მოდურია“. სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი China Poly Group-ი, რომლის აქტივებიც 139 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, ჩინეთის არტ-ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა. კერძოდ, ის ცდილობს სამშობლოში დააბრუნოს 12-ვე ბრინჯაოს თავი, რომელიც საზაფხულო რეზიდენციაში შადრევნებს ამშვენებდა და ევროპელებმა წაიღეს. ეს თავები ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას ნივთებად მიიჩნევა, რაც კი სასახლიდან მოუპარავთ. ამ ეტაპზე, 12 თავიდან ჩინეთმა 7 დაიბრუნა, მათგან 4 - China Poly Group-ს ეკუთვნის, დანარჩენების ადგილმდებარეობა უცნობია.