ინდოეთში, ინორისას შტატში დააკავეს ფოსტალიონი, რომელიც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ადრესატებამდე მისატან წერილებს ყრიდა. ამის შესახებ BBC წერს.
ფოსტალიონს, ჯაგანათა პუანს გამოძიება 6 ათასზე მეტი წერილის გადაყრას ედავება. უფრო ზუსტად, კაცი წერილებით სავსე ჩანთებს ფოსტის შენობის ეზოში, მიწაში მარხავდა.
აღმოჩენილ წერილებს შორის, ყველაზე ძველია 2004 წლით დათარიღებული წერილი.
ცნობილია, რომ კაცი დოკუმენტებს ისე აფორმებდა, თითქოს წერილი ადრესატამდე მიიტანა. გამომძიებლებს აკვირვებს ის, რომ ფოსტის არცერთ მომხმარებელს არ გამოუთქვამს პრეტეზია წერილების ადგილზე მიტანასთან დაკავშირებით.
მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ფოსტამ მისამართი შეიცვალა, შენობის ეზო ბავშვების სათამაშო ადგილად იქცა. სწორედ ბავშვებმა იპოვეს შემთხვევით, მიწაში დაფლული წერილები.
ფოსტის ადმინისტრაციის განმარტებით, ძველი წერილების უმეტესობა იმდენადაა დაზიანებული, რომ მის მიტანას ადრესატამდე, აზრი არ აქვს, თუმცა გადარჩენილი წერილები აუცილებლად დაუბრუნდებათ მფლობელებს.
მსგავსი შემთხვევა რამდენიმე თვის წინაც მოხდა. იანვარში იტალიის ქალაქ ვიჩენცაში 56 წლის ფოსტალიონი დააკავეს, რომელიც სახლში ტონაზე მეტ გაუგზავნელ წერილებსა და კორესპონდენციებს ინახავდა.