თურქეთის ქალაქ ტრაპზონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საქართველოს სამი მოქალაქე დაშავდა. მიკროავტობუსში, მძღოლის ჩათვით, სულ საქართველოს 21 მოქალაქე იმყოფებოდა.
ავტოსაგზაო შემთხვევას გადარჩენილი 17 ადამიანს და მძღოლს ამ დროისთვის პოლიცია კითხავს.
როგორც საქართველოს გენერალურმა კონსულმა ავთანდილ მიქაცაძემ განაცხადა, მოქალაქეების ნაწილმა ჩვენებაში მიუთითა, რომ მძღოლი ტელეფონზე საუბრობდა, ნაწილი კი ამბობს, რომ მძღოლს ჩაეძინა.
„ჩვენებებში ნაწილი ამტკიცებს, რომ მძღოლი საუბრობდა მობილური ტელეფონით, ხოლო ნაწილი ამბობს, რომ მძღოლს შესაძლოა დაეძინა", - განაცხადა მიქაცაძემ.
ქალაქ ტრაბზონში ავტოსაგზაო შემთხვევა ღამის სამ საათზე მოხდა. მიქაცაძის თქმით, დაშავებული საქართველოს სამი მოქალაქიდან, ორი მათგანი - ცოლ-ქმარი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მესამე დაშავებული მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ტრაბზონის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული ცოლ-ქმრის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. მათ რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ. ასევე, მესამე დაშავებული იმყოფება სახელმწიფო კლინიკაში. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია"
რაც შეეხებათ დანარჩენ საქართველოს მოქალაქეებს, მიქაცაძე აცხადებს, რომ მათი ტრანსპორტირებისთვის საქართველოდან ჩავა მიკროავტობუსი, რომლითაც მათი ქვაყანაში დაბრუნება მოხდება.