პოლი და რინგო ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე

პოლი და რინგო ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე

რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა გაზეთმა “The Sun”-მა ერთი საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ ლეგენდარული ჯგუფი “The Beatles”-ის მუსიკოსები პოლ მაკარტნი და რინგო სტარი მონაწილეობას მიიღებენ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებში.

 

ცოტა ხნის წინ, პოლ მაკარტნიმ ერთ-ერთ ამერიკულ შოუ გადაცემაში აღნიშნა, რომ მასთან მოლაპარაკებას აწარმოებენ 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები. მაკარტნის შესთავაზეს ამ ღონისძიების გახსნისა ან დახურვის ცერემონიალში მონაწილეობის მიღება. სერ პოლი მხოლოდ ამ მოკლე ინფორმაციით შემოიფარგლა და კონკრეტული დეტალების დასახელებისაგან თავი შეიკავა.

 

“The Sun”-ის ჟურნალისტებმა კერძო გამოძიება ჩაატარეს და დაადგინეს რომ ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია. უფრო მეტიც, პოლ მაკარტნი სცენაზე რინგო სტართან ერთად გამოვა.

 

ამ ორი მუსიკოსის გვერდით ჯონ ლენონისა და ჯორჯ ჰარისონის შვილებიც დადგებიან.

 

დღეისათვის არ არის გადაწყვეტილი მუსიკოსები ოლიმპიური თამაშების გახსნაში მიიღებენ მონაწილეობას თუ დახურვაში.

 

ლონდონის ოლიმპიური თამაშები 2012 წლის 27 ივლისიდან 12 აგვისტომდე გაიმართება.

 

უკვე ცნობილია, რომ მის გახსნა-დახურვის ცერემონიალში მონაწილეობას შემდეგი მუსიკალური ჯგუფები მიიღებენ: “Spice Girls”, “Girls Aloud”, “Coldplay” და “Muse”.