მიმდინარე წელს ლეგენდარული ჯგუფი “Queen”-ის დაარსებიდან 40 წელი სრულდება. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ჯგუფის წევრებმა ბრაიან მეიმ და როჯერ ტეილორმა ერთგვარი კონკურსი გამოაცხადეს.
რამდენიმე დღის წინ ჯგუფის ოფიციალურ საიტზე დაიდო ინფორმაცია, რომ ტარდება კონკურსი საუკეთესო ვიდეოკლიპის გამოსავლენად, რომელიც გადაღებული იქნება კომპოზიცია “Sheer Heart Attack”-ის მოტივებზე.
ეს სიმღერა შედიოდა 1977 წელს გამოშვებულ სტუდიერ ჩანაწერში “News of the World”. ამჟამად ჯგუფის წევრები ეძებენ ნიჭიერ და ორიგინალური იდეებით გამსჭვალულ კლიპების რეჟისორს, რომელიც ამ კომპოზიციას ახალ სულს შთაბერავს. “Queen”-ის წევრების სურვილია, რომ ამ კლიპმა სრულად ასახოს ჯგუფისათვის დამახასიათებელი სული და მიმდინარეობა.
საკონკურსო ნამუშევრები წარმოდგენილი უნდა იყოს 2011 წლის 27 ივლისამდე. ამის შემდეგ სპეციალური ჟიური გამოარჩევს საუკეთესო 100 ნამუშევარს და მათგან ე.წ. “შორტ-ლისტს” გააკეთებს. გამარჯვებული კლიპი ამ საუკეთესოებისაგან აირჩევა.
ჟიურის შემადგენლობაში შედიან: ბრაიან მეი, როჯერ ტეილორი ( სამწუხაროდ ჯგუფის მესამე წევრი ჯონ დიკონი, ფრედი მერკურის გარდაცვალების შემდეგ ჯგუფთან თანამშრომლობას ნაწილობრივ ჩამოშორდა), ასევე რეჟისორი დევიდ მალე.
დევიდ მალეს სახელთანაა დაკავშირებული “Queen”-ის შემდეგი კომპოზიციების ვიდეოკლიპების გადაღება: “I Want to Break Free”, “Radio Ga Ga”, “Who Wants to Live Forever”.
ამ კონკურსზე გამარჯვებული მესიკალური ვიდეოკლიპი განთავსებული იქნება ჯგუფის ოფიციალურ საიტზე, თავად რეჟისორი კი ფულადი თანხით დაჯილდოვდება.
გამარჯვებული რეჟისორის სახელს მიმდინარე წლის 17 აგვისტოს შევიტყობთ.