გლასტონბერის ფესტივალს საფრთხე დაემუქრა

გლასტონბერის ფესტივალს საფრთხე დაემუქრა

გლასტონბერის ფესტივალი დიდ ბრიტანეთში წლის უმნიშვნელოვანეს მუსიკალურ ღონისძიებათა რიცხვს ეკუთვნის. ადგილობრივი მელომანები მასზე დასასწრებად თადარიგს დიდი ხნით ადრე იწყებენ. გასულ წელს მას 200 ათასი ადამიანი დაესწრო

.

“ინგლისის ვუდსტოკად” მონათლული გლასტონბერის მუსიკალური ფესტივალის ისტორია შორეულ 1970 წელს იწყება.

 

ერთ დღეს, პატარა დასახლება გლასტონბერიში მცხოვრებ მაიკლ ივისის ახალი იდეა დაებადა. ამერიკული ვუდსტოკით მოხიბლულმა, პროფესიით ფერმერმა მაიკლმა, საკუთარი ტერიტორიის დიდი ნაწილი, მომავალი მუსიკალური ღონისძიების ჩატარებისათვის გამოყო და იგი “გლასტონბერის მუსიკალური ფესტივალის” სახელით მონათლა.

 

ახალმა წამოწყებამ ბრიტანელ მუსიკის მოყვარულებში დიდი დაინტერესება გამოიწვია და რამდენიმე წელიწადში უსაზღვრო პოპულარობასაც მიაღწია.

 

წლევანდელი ფესტივალი 22-დან 26 ივნისამდე ჩატარდა.

 

გახსნის საზეიმო ცერემონიალს 150 ათასი ადამიანი დაესწრო. კონცერტში მონაწილეობა ცნობილმა ჯგუფმა “Coldplay”-მ მიიღო.

 

გლასტონბერის ღონისძიების მთავარ სცენაზე “Pyramid”-ზე “ მუსიკის თაყვანისმცემლებმა იხილეს ლეგენდარული ბლუზმენი  ბი ბი კინგი  და ირლანდიური ჯგუფი “U2”.  ფესტივალი კი ამერიკელმა მომღერალმა ბეიონსმა დახურა.

 

ორი დღის წინ ფესტივალის მთავარმა ორგანიზატორმა, ფერმერმა მაიკლ ივისმა პრეს-კონფერენცია ჩაატარა და ერთი საგანგაშო განცხადებაც გააკეთა.

 

“უახლოეს სამ-ოთხ წელიწადში გლასტონბერის ფესტივალი ალბათ აღარ იარსებებს. ბოლო რამდენიმე წელია მე და ჩემი მეგობრები დიდ ფინანსურ სიძნელეებს განვიცდით. ფესტივალზე სპეციალურად მოწვეული ვარსკვლავები ჰონორარების სახით სულ უფრო მეტ თანხებს ითხოვენ. მაგალითად რეპერმა Jay-z-იმ იმდენი მოგვთხოვა რომ კინაღამ გაგვაკოტრა. მომავალი წლის გლასტონბერის ჩასატარებლად თანხები თითქმის არ დაგვრჩა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქვეყნოდ ცნობილი ეს ღონისძიება მხოლოდ 2013 წელს ჩავატაროთ. ამის შემდეგ მდგომარეობას შევხედავთ და თუ კვლავ ფინანსური სიძნელეების წინაშე დავდგებით, გლასტონბერის მუსიკალური ფესტივალი ისტორიის კუთვნილება გახდება” – განაცხადა მაიკლ ივისმა.