„...შენ არა ხარ ბიჭო ის დონე, რომ მირზას ელაპარაკო, შენ ვინ გავალებს ამას?“

„...შენ არა ხარ ბიჭო ის დონე, რომ მირზას ელაპარაკო, შენ ვინ გავალებს ამას?“

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, რომელმაც სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა, საქმის პროკურორებსა და მას შორის შემდგარი გასაუბრების დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პროკურორები მას კონკრეტული პირების ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ.

„პირდაპირ მაყრის პროკურატურა თვალებში ნაცარს, ასე რომ ვთქვათ, მაფურთხებენ სახეში. არ დავუშვებ, რომ ეს საქმე ასე დარჩეს, დამიჭერენ? დამიჭირონ! მომკლავენ? მომკლან! ვიღაც მაინც გამოჩნდება, ვიღაც მაინც მიიყვანს ამ საქმეს ბოლომდე და იმ ორ პიროვნებას სააშკარაოზე გამოიყვანს, ვისაც ხელს ადებს თუნდაც პროკურატურა, თუნდაც სუბელიანი და თუნდაც კაკუბავა.

პროკურორებთან ვიყავი ასული და აქეთ დამადანაშაულეს, თითქოს ვიღაცის ინტერესებს ვიცავ და ვიღაცის ინტერესებიდან გამომდინარე ვსაუბრობ იმას, რომ კიდევ ორი მკვლელი გარეთ დადის. თუ ვის ინტერესებს ვიცავ, ამას კონკრეტულად არ მეუბნებიან. მხედველობაში აქვთ ან ზვიად კუპრავა ან დაცვის მხარე. მე შვილი მომიკლეს და კიდევ მე მადანაშაულებენ იმაში, რომ ვიღაცის ნათქვამზე დავდივარ“, - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

მისივე თქმით, ორი მკვლელი ჯერ კიდევ თავისუფალია და ბოლომდე იბრძოლებს, რომ მათ პასუხი აგონ.

„ბატონ ზვიად ფხაკაძესთან ვიყავი კაბინეტში, სადაც ქალბატონი ინა გუგუშვილიც იყო, პლუს ორი პროკურორი, რომლებიც მართლა არ ვიცი ვინ არიან. ბატონმა ზვიად ფხაკაძემ და ქალბატონმა ინა გუგუშვილმა მითხრეს, თქვენ ძალიან საეჭვოდ ლაპარაკობთო. რაში გამოიხატება ჩემი საეჭვო ლაპარაკი-მეთქი? რასაც დაცვის მხარე ლაპარაკობს, თქვენც იგივეს ლაპარაკობთო.

პროცესიდან ყველაზე ადრე გამოვდივარ, ინტერვიუს პირველი ვაძლევ, როგორ შეიძლება მათი მოწოდებული აზრი ვთქვა იქ? წინასწარ ხართ მოლაპარაკებულიო, ასეთი პასუხი გამცა. მირზა სუბელიანის შვილის გამო დაიწყო ეს ინციდენტი თავიდან. მასზე მოახდინეს რაღაც ზეწოლა საპირფარეშოში, რომელმაც მის დეიდაშვილს დაურეკა დასახმარებლად. მ.კაკუბავამ უკვე თავის მეგობრებს შეატყობინა, იმათ კიდევ თავის მეგობრებს. გამოდის, რომ მეხუთეხარისხოვანი პიროვნებები ჩაერთნენ საქმეში. ისინი წინასწარ მომზადებული, შეიარაღებული წამოვიდნენ, ყველამ იცოდა იქ რაც უნდა მომხდარიყო“, - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

მისივე თქმით, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი სიმამრთან, ბორია კაკუბავასთან ერთად დიდ ზეგავლენას ახდენს გამოძიებაზე. ბრალდებას უარყოფს საქმის პროკურორი ზვიად ფხაკაძე და აცხადებს, რომ  სუბელიანთან მას არავითარი კავშირი არ გააჩნია. პროკურორი ასევე ამბობს, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება ის განცხადებები, თითქოს პროკურატურა გარკვეულ დამნაშავეებს ხელს აფარებს.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თუკი ამ საქმეში გამოიკვეთება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების შემცველი მტკიცებულება, ნებისმიერი პირის მიმართ მოხდება მყისიერი რეაგირება. რაც შეეხება მირზა სუბელიანს, მე პირადად არანაირი კავშირი არ გამაჩნია მასთან და შესაბამისად აბსურდია, რომ პროკურატურა მირზა სუბელიანმა დააშანტაჟოს“, - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის საქმეში მალავე გაჩნდა ბორია კაკუბავას სახელი, რომელიც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანის, მირზა სუბელიანის სიმამრია. სწორედ  მირზა სუბელიანის შვილი და მისი ცოლის დის შვილი არიან ამ ინციდენტის დამწყები პირები, რომელთა მფარველობაში ადანაშაულებს მოკლულის მამა გამოძიებას.

ბორია კაკუბავას მოწმეების დაშნტაჟებასა და მოსყიდვაში დასდო ბრალი „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ, რომლის განცხადებით, მას აქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ამსახველი კადრებს მირზა სუბელიანი ინახავს, რომელიც იმ პერიოდში სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციის უფროსი იყო და სწორედ ამ ფირით აშანტაჟებს გამოძიებას.

„ამ საკითხზე მქონდა მირზა სუბელიანათ კომუნიკაცია და ეს ერთჯერადი არ ყოფილა. ჩვენი ყოველი საუბარი ეხებოდა ამ კადრების გადმოცემას. ვთავაზობდი, რომ თუ მას არ სურდა მისი სახელით გასაჯაროებულიყო ეს კადრები, მე ვიქნებოდი გამტარი და საიდუმლოდ დარჩებოდა, რომ კადრები მან გადმომცა. საბოლოო ჯამში, ჩვენი კომუნიკაცია შევიდა ჩიხში. სწორედ ამ კადრებით აშანტაჟებს მირზა სუბელიანი პროკურატურას ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე.

ამ საქმეში არის ორი ბრალდებული, რასაც არ ეთანხმება არც დაცვის მხარე და არც დაზარალებული მხარე. ეს ადამიანები თვლიან, რომ ბრალდებული უფრო მეტი უნდა იყოს. მირზა ამ კადრების გამოყენებით აშანტაჟებს პროკურატურას და ეუბნება, რომ თუ ისინი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცემენ სხვა პირებს, მაშინ ის გაასაჯაროებს ამ კადრებს“, - აცხადებს ზვიად კუპრავა.

მისივე თქმით, გუშინ მას მირზა სუბელიანის სიმამრი ბორის კაკუბავა დაუკავშირდა და ეს ზარი, კუპრავას შეფასებით, მუქარის შემცველი იყო. კუპრავამ კაკუბავას სატელეფონი ჩანაწერი გაასაჯაროვა.

„მე შენ გითხარი, მერაბიშვილის ციხიდან გამოყვანა როგორ შეიძლება... შენ არა ხარ ბიჭო ის დონე, რომ მირზას ელაპარაკო, შენ ვინ გავალებს ამას? მირზას, რომ მოუნდეს ვინმესთვის რამეს გადაცემა ვერ მონახავს ხალხს? შენ ვინა ხარ? მე ვთვლი შენ უნდა დაისაჯო არამარტო პროკურატურით, შენ სხვანაირადაც უნდა დაისაჯო, გახსოვდეს, რომ ყველა ქმედებაზე პასუხისმგებლობა გეკისრება, ისიც უნდა იცოდე შენი ადგილი სად არის“, - ამ სიტყვებით მიმართავს კუპრავას ბორია კაკუბავა.

ზვიად კუპარავას განცხადებას, რომ მერაბიშვილის გაყვანის კადრები, პროკურაუტურის ყოფილ მაღალჩნოსანთან, მირზა სუბელიანთან ინახება, უკვე მოჰყვა რეაგირება. კუპრავა პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული.