ინსტიტუციური კრიზისი „ოცნებაში“ - პარტია თუ ისევ კლიენტელა?

ინსტიტუციური კრიზისი „ოცნებაში“ - პარტია თუ ისევ კლიენტელა?

„ქართულ ოცნებაში“, საკმაოდ მძაფრი შიდა კონფლიქტი მომწიფდა და რაც არ უნდა მალონ, იგი სრულიად აშკარაა. ამ კონფლიქტის არსი ინსტიტუციური კრიზისია. „ოცნება“ ჯერჯერობით ჩამოყალიბების პროცესში მყოფი პოლიტიკური წარმონაქმნია და ეს კრიზისიც არსებითია და საბედისწერო. საბედისწეროა, რადგან ამჟამად „ოცნება“ ზღვარზეა - იგი შედგება, როგორც პოლიტიკური პარტია, ანდაც მის წინამორბედთა პოსტ-საბჭოურ გზას, რომელიც არსადაც არ მიდის, გაიმეორებს.

პოსტ-საბჭოურ სინამდვილეში კი პარტიები, როგორც ცნობილია, არც არსებობენ. პოლიტკურ წარმონაქმნებს უფრო კლიენტელების სახე აქვთ და რაიმე ინსტიტუციურ წესრიგს ისინი ან სავსებით არიან მოკლებულნი, ანდაც ეს წესრიგი იმდენად სუსტია, რომ უბრალო სიოსაც ძნელად უძლებს, არამც თუ პოლიტიკურ ქარიშხალს.

კლიენტელა პარტიისგან, უწინარეს ყოვლისა, სწორედ იმით განსხვავდება, რომ მასში ინსტიტუციური წესრიგის მაგივრად პირადი ურთიერთობებია გადამწყვეტი: კლიენტელა ლიდერების (უფრო ზუსტად -„პატრონების“) გარშემო სარგებლის მიზნით შემოკრებილი საერთო ინტერესის მქონე პოლიტიკური ჯგუფია, იგი არა საკუთარ, არამედ პატრონის „პოლიტიკური კაპიტალით“ „მუშაობს“ და მხოლოდ პატრონის მოწყალებით იკვებება. თუ დავაკვირდებით, დაწყებული „მრგვალი მაგიდიდან“, დასრულებული სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობით“, ყველა ე.წ. მმართველმა პარტიამ თუ ბლოკმა, პრაქტიკულად ერთი და იგივე გზა გაიარა და ისე დაასრულა, რომ სინამდვილეში პარტიად ჩამოყალიბება ან არც უცდია, ანდაც ვერ მოასწრო. ახლა ჯერი „ქართულ ოცნებაზეა“ - იგი ამ ინსტიტუციურ კრიზისს ან გადალახავს, ანდაც ბანალურ კლიენტელურ ისტორიას კიდევ ერთხელ გაიმეორებს. სწორედ ეს - ინსტიტუციური კრიზისი და არა სხვა რამ არის საფუძველი, რის გამოც „ოცნებაში“, ფაქტიურად, უკვე შიდა ომი მიმდინარეობს.

ხაზგასასმელია, რომ ყოვლგვარ აზრს არის მოკლებული „ოცნებაში“ იდეოლოგიური სახის დაპირისპირებების „აღმოჩენა“ და მით უმეტეს, ამაზე მტკიცებით ფორმაში საუბარი. გასაკვირია, რომ ზოგიერთი სახელოვანი ექსპერტის, მაგ. ბ-ნი ვახტანგ მაისაიას შეფასებით, „ქართულ ოცნებაში“ ახლა მიმდინარეობს ბრძოლა ნეოლიბერტარიანელებსა და ნეოკონსერვატორებს შორის“ (იხ. „ფორ.ჯი“-ს სტატია: http://www.for.ge/view.php?for_id=52837&cat=2) სად დაინახა ამ პატივცემულმა, ვთქვათ, „ნეოკონსერვატორობა“ ან რომელიც გნებავთ, იდეოლოგიიის რაიმე ნიშანწყალი, დეპუტატ დავით ჭიჭინაძის (რომელიც დაპირისპირებათა ერთ-ერთი მოთავეა), სრულიად ოდიოზურ გამონათქვამებსა და ქმედებებში, იქნებ ჩვენც გაგვაგებინოს!

ამ ე.წ. პოლიტიკოსის მაგალითზე ერთი შეხედვითაც ნათელია, რომ არამცთ თუ რაიმე იდეოლოგიასთან მას არავითარი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს, არამედ თავში სრული დომხალი უტრიალებს. თორემ ისეთი „ფრთიანი“ გამონათქვამებით, რაც მას ახასიათებს, საზოგადოებას არ „დაგვასაჩუქრებდა“. შეგახსენებთ, ეს, ვალოდია ჯინჭარაძესავით (თუმცა ჭიჭინაძე ყოფილა და არა ჯინჭარაძე) რადიატორთან მჯდარი, ფართო საზოგადოებისათვის უცნობი დეპუტატი მთელს საქართველოში იმითი გახდა არა მხოლოდ ცნობილი, არამედ თითით საჩვენებელიც, რომ სერიოზულად გვიმტკიცებდა - „გლეხს სწავლა რაში სჭირდებაო!“ ეს ერთადერთი ობსკურანტული ფრაზა არ არის მის „იდეურ-პოლიტიკურ შემოქმედებაში“ და მსგავსი „ჭიჭი-ზმების“ საკმაოდ უხვი კოლექცია დაგვიგროვდა, რომელი ერთი ვიმახსოვრო ან ჩამოვთვალო? დასამახსოვრებელი ბოლოს, ეს „სიბრძნე“ თქვა: წერილობითი დოკუმენტი საერთოდ რად გვინდა, სისუსტის ნიშანია და ძლიერი მმართველის „სიტყვა და „შინაგანი ენერგია“ (!) სავსებით საკმარისი უნდა იყოსო!

ბუნებრივია, „ჭიჭიზმი“ რომ ნეოკონსერვატორულ იდეოლოგიად წარმოვიდგინოთ, ერთობ მდიდარი ფანტაზიაა საჭირო და ასეთი ფანტაზია, რაც პატივცემულ ვახტანგ მაისაიას აღმოაჩნდა, პირადად მე, საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, რა ვქნა და არა მაქვს!

დაპირისპირების ნამდვილი მიზეზი აშკარად ჩანს იმავე ჭიჭინაძის უკვე უაღრესად მკვეთრ და აშკარად გამომწვევ პოლიტიკურ განცხადებაში (გედევან ფოფხაძეც, ფაქტიურად, იგივეს ამბობს, თუმცა უფრო „დაბალ ტონალობაში“): „ჩემი ეს განცხადება სპონტანური არ არის, ეს ამ ადამიანების თავზეგასულობამ გამაკეთებინა და ამას აღარ გადავალ. ჩემთვის ესენი კოლექტიური ზარდიაშვილები იქნებიან. მათ დეპუტატობას კი არ ვართმევთ, გავიდნენ და მმართველობას ავიღებთ ისინი, ვინც სახეები ვიყავით.. “

ამ, განცხადებიდან, უფრო სწორედ - უკვე საბრძოლო ყიჟინიდან, სრულიად აშკარაა, რომ დაპირისპირება ცივი ომიდან, უკვე „ცხელ“ ფაზაში შეიძლება გადავიდეს, მაგრამ, ვიმეორებ - ეს არავითარ შემთხვევაში არ არის არც იდეოლოგიური და საერთოდ, არც პარტიული პოლიტიკის რაიმე კონცეპტუალური თუ პროგრამული უთანხმოებით წარმოქმნილი დაპირისპირება. ნათელია, რომ კონფლიქტი ინსტიტუციურია: ერთის მხრივ იმ მიზანს, რომ „ქართული ოცნება“ სტრუქტურირებულ პარტიად ჩამოყალიბდეს, ე.ი. მკაფიო ორგანიზაციული სახე შეიძინოს, რაც ფორმალიზებული, გაწერილი წესებისა და ამ წესების დაცვის, ე.ი. დისციპლინის გარეშე სრულიად წარმოუდგენელია და მეორეს მხრივ - „ჭიჭისტობას“ შორის. „ჭიჭისტობა“ კი სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა ჩვეულებრივი კლიენტელური ჭაობი, სადაც ეს ვითომ „სახეები“, სინამდვილეში კი კლიენტები (ზოგი ასეც იტყოდა: „მაზალო კლიენტები“, თუმცა მე თავს ვიკავებ), პატრონების ჰანგზე იყიყინებენ, ანუ: ჭიჭინაძეს ისევ სურს პარტია არა რაიმე ინსტიტუციურ წესრიგს, არამედ „პატრონებთან“ პირად და მისთვის კომფორტულ ურთიერთობებს ეფუძნებოდეს, მას უნდა, რომ კვლავაც ივანიშვილის ან მისი ნაცვალის - კვირიკაშვილის კლიენტად დარჩეს და ვერ აიტანს, რაიმე დისციპლინის, რაიმე ინსტიტუციური წესრიგის ვერავითარ ჩარჩოს. უარესიც - ასეთ შემთხვევაში, თუკი ვინმე ამას გაბედავს და პატრონ-კლიენტელური პირადი ურთიერთობების მაგივრად ფორმალიზებული, წინასწარ გაწერილი და შეთანხმებული წესების დამყარებას შეეცდება, იგი არც მეტი, არც ნაკლები - საპარლამენტო გადატრიალებით იმუქრება! რასაკვირველია, არა საკუთარი თავის, არამედ პატრონის იმედად!

თუმცა, როგორც ვატყობ, არავის, ვინც ჭიჭინაძეს თუ სხვა ჯინჭარაძეებს პატრონებად წარმოუდგენიათ - არც ივანიშვილს, არც კვირიკაშვილს, არც კალაძეს, ეს აღარც შეუძლიათ და რაც მთავარია, არცა სურთ! ერთ რამეში კი ჭიჭინაძე უდავოდ მართალია: კობახიძე „ჯინჭარაძეების“ პატრონი არც არასდროს ყოფილა, არც არის და არც არასდროს იქნება, რადგან მას გულწრფელად სურს და იმედი მაქვს, ძალაც შესწევს პარტია ამ კლიენტელური ჭაობიდან ამოიყვანოს!

სხვაგვარად, ყოველგვარი „ოცნება“ საპარლამენტო რესპუბლიკაზე, სრულიად ფუჭი იქნება!