„ეს არ არის ნაბიჯი, რომლიც მყისიერ შედეგებს მოიტანს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივად საბრძოლველად, ჩვენი საერთაშორისო პოზიციების გასამაგრებლად, გამოძიების ხელშესაწყობად და შემდეგ დამნაშავეების დასასჯელად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“,- აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფოთაშორისი სარჩელის შეტანის თაობაზე.
როგორც ირკვევა, სტრასბურგის სასამართლოში სახელმწიფოთაშორისი სარჩელის შეტანის წინადადება თავდაპირველად არასამთავრობო სექტორიდან წამოვიდა. მოგვიანებით ამ ინიციატივას პრეზიდენტმაც დაუჭირა მხარი.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის აზრით, ფაქტობრივად, არ არსებობს განსხვავება ტატუნაშვილის მკვლელობასა და იმ თავდასხმას შორის, რომელიც სულ ახლახანს დიდ ბრიტანეთში განხორციელდა. ამიტომ ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველომ უნდა გამოიყენოს სტრასბურგის სასამართლოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სამართლებრივი ტრიბუნა. ძალიან მაღალი ლეგიტიმაციისა და ავტორიტეტის მქონე ორგანოს მიერ კიდევ ერთხელ უნდა დადასტურდეს, რომ რუსეთი დე ფაქტო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელია და სწორედ რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა ყველა უფლებადარღვევაზე, რომელიც ამ ტერიტორიებზე ხდება.
რა პერსპექტივა აქვს სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას?
უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ერთი სახელმწიფოს წინააღმდეგ მხოლოდ პიროვნებას კი არა, მეორე სახელმწიფოსაც შეუძლია შეიტანოს საჩივარი. აქედან გამომდინარე, ქართულ სახელმწიფოსაც აქვს უფლება, სტრასბურგის სასამართლოს რუსეთის წინააღმდეგ განაცხადით მიმართოს, რადგან რუსეთი ჩვენს მოქალაქეებს სიცოცხლის უფლებას ართმევს მის მიერვე კონტროლირებად ტერიტორიებზე.
„რას მოგვიტანს ეს? სტრასბურგის სასამართლოს შეუძლია, გამოიტანოს გადაწყვეტილება, ჩვენი სარჩელი დააკმაყოფილოს და რუსეთს გარკვეული ჯარიმის გადახდა დააკისროს. სტრასბურგის მიმართ ბევრად უფრო იმედიანად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, პერსპექტივა გვექნება, რუსეთი აგრესორად წარმოჩნდება და მას თანხის გადახდას დააკისრებენ“, - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი და იმ ნიჰილისტებსაც პასუხობს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ევროპული სასამართლოები მაინცდამაინც არ გვწყალობენ.
მისი თქმით, შესაძლოა, ქართველები დიდი ხანია ველით აგვისტოს ომთან დაკავშირებით თუნდაც ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ ჰააგის სასამართლოში დღესაც გრძელდება ამ სარჩელის აქტიურად განხილვა და ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
უფლებადამცველი ირმა ჭკადუა მიიჩნევს, რომ ყველა საერთაშორისო ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ იმ აგრესიის შესაჩერებლად, რა აგრესიასაც ჰქვია რუსეთი. თუმცა საინტერესოა, ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით რა სამართლებრივი პროცედურებით მივაღწევთ ამ წარმატებას?! თუკი ამის შესაძლებლობას პროცედურები გვაძლევს, მაშინ ასეთი ბერკეტები უნდა გამოვიყენოთ.
„პროცედურულად სტრასბურგში მიდიხარ მას შემდგომ, რაც შიდა ეროვნულ მექანიზმს ამოწურავ. მართალია, ეჭვი არავის ეპარება, რომ არჩილ ტატუნაშვილი ნაწამებია, მაგრამ მომხდარის ღიად დასადასტურებლად აუცილებელია უცხოელი ექსპერტების მოწვევა, რათა მაღალი ნდობის მქონე საექსპერტო დაწესებულებულებებმა სხვადასხვა ტრიბუნიდან ხმამაღლა განაცხადონ, რომ გარდაცვლილს წამების კვალი აღენიშნება. რუსეთი არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. რუსეთი გლობალური პრობლემაა და სულ სხვა განზომილებაში ვართ ჩვენც და რუსეთიც. ცხადია, რუსეთის ფონზე სუსტად გამოვიყურებით და ვხედავთ, რომ წინ ვერ მივიწევთ, თუნდაც ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილში. ფაქტია, წინგადადგმულ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ თვით მოლაპარაკების ფორმატშიც კი. აქედან გამომდინარე, ვინმეს წარმოუდგენია, რომ ჩვენ სამხედრო გზით როგორმე დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს? ომი ძალზე რთულია. მოლაპარაკებების დაწყებას კი წინ არაფერი უდგას, თუ მხოლოდ მოლაპარაკება მოლაპარაკებისთვის არ იქნება. საერთაშორისო საზოგადოების, ამერიკის, ევროკავშირის, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების აქტიური ჩარევით შესაძლებელია, რუსეთთან ვისაუბროთ“, - აღნიშნა ირმა ჭკადუამ For.ge-სთან საუბარში.
მისი მოსაზრებით, წინა ხელისუფლება ერთი ხელით რუსულ სერიოზულ საქმეებს აკეთებდა და, პრაქტიკულად, რუსეთს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებს აძლევდა, ხოლო, მეორე მხრივ, წინა ხელისუფლება ხმამაღლა ამბობდა, როგორი აგრესორი იყო რუსეთი, რაც ისედაც ყველამ კარგად იცოდა. აქედან გამომდინარე, ბევრი ხელისუფლების გულწრფელობაში ეჭვის შეტანა შეიძლება, რადგან პოლიტიკა ბინძური საქმეა. თუმცა ამ ეტაპზე ირმა ჭკადუა ვერ ხედავს თანმიმდევრულ ნაბიჯებს, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობის დალაგებისკენ მიგვიყვანს.
„ურთიერთობის დალაგებაში აბსოლუტურად არ ვგულისხმობ უვიზო მიმოსვლას, ან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას. რუსეთთან მოლაპარაკება ცალსახად უნდა დავიწყოთ იმისთვის, რომ მათ დაგვიბრუნონ ოკუპირებული ტერიტორიები და შემდგომ უკვე დავიწყოთ სხვა დანარჩენ თემებზე საუბარი. ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყანა არ არის მზად ასეთი რანგის მოლაპარაკების დასაწყებად და არც რუსეთს აქვს ამის მზაობა, რადგან ახლადარჩეულმა და მრავალჯერ არჩეულმა ბატონმა პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მათი შემადგენელი ნაწილია და შეგვიძლია დე ფაქტო ლიდერებს ვესაუბროთ, ოღონდ იმ კონტექსტში, რომ ეს ტერიტორიები თურმე არ არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი. ასევე, ჩვენმა ახლანდელმა თუ წინა ხელისუფლებებმა სერიოზული შეცდომები დაუშვეს და დაივიწყეს, რომ ოკუპირებულ რეგიონებთან პირდაპირ რეჟიმში დიალოგი ძალზე მნიშვნელოვანია.
თითქოს იყო ამის მცდელობები, განმუხური და სხვა, თითქოს გვეგონა, აფხაზები და ოსები რომ გადმოიხედავდნენ, დაინახავდნენ, როგორი ნათელი და ცისფერია საქართველო, ჩვენით მოიხიბლებოდნენ, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ჩვენს ხელისუფალთ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაედგათ, საზოგადოების მეტი ჩართულობით. ძალიან ბევრი სამეგობრო ჰყავთ ქართველებს აფხაზებთან. დღესაც ვფიქრობ, რომ საქართველოს იმდენი მილიონერი და შეძლებული ადამიანი ჰყავს, რომლებსაც შეუძლიათ მეტი ინვესტიცია ჩადონ თუნდაც ამ მოცემულობაში იმისთვის, რომ აფხაზებმა და ოსებმა დაინახონ, რომ ჩვენ არ ვართ მტრები. 20-30 წელი გავიდა, ეს ძალიან დიდი დროა და მაშინ რომ 5 წლის იყო, ახლა 35 წლის გახდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანი. ამ ხნის განმავლობაში მას ესმის მხოლოდ ის, რომ ქართველები თურმე მტრები არიან. ამიტომ ამ კუთხით მუშაობა არასაკმარისია და იმედს ვიტოვებ, ოდესღაც საქართველოში დადგება დრო და მოვა ისეთი ხელისუფლება, რომელიც რეალურად იმუშავებს ჩვენს შორის ურთიერთობების დასათბობად“, - აცხადებს ირმა ჭკადუა.